დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ოქმების კანონიერება შეისწავლეს.
ორივე ოქმი მოსამართლე ნინო გერგაულმა ადგილზე თათბირით გააუქმა.
პირველი საქმე ეხებოდა მოქალაქეს, რომელსაც შსს-მ მანქანა დაუყადაღა
საურავის გამო.
,,საურავი ისე დამერიცხა, არც კი ვიცოდი. მხოლოდ მაშინ შევიტყვე,
როდესაც მანქანა დამიყადაღეს და 900 ლარი დამაკისრეს. მეჯვრისხევის
საკვირაო ბაზრობაზე ვიყავი. ვიდეოკამერას დავუჯარიმებივარ 50 ლარით.
შემდეგ ეს ჯარიმა გაორმაგებულა, არც ეს ვიცოდი. ბოლოს კი საურავი 900
ლარი მომივიდა. რომ მცოდნოდა, ჯარიმას გადავიხდიდი, გაორმაგებულსაც,
მაგრამ საურავი რატომ?" - ეუბნებოდა მოქალაქე მოსამართლეს.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თუ მოქალაქემ არ
იცოდა ვიდეო ჯარიმის ოქმის შესახებ, ეს საქართველოს ფოსტის ბრალია და
არა პოლიციის. ,,ჩვენ გავუგზავნეთ ოქმი ფოსტით. თუ ფოსტამ ვერ
ჩააბარა, ეს არ არის ჩვენი ბრალი" - განაცხადა პატრულის
წარმომადგენელმა.
მეორე საქმე ეხებოდა მძღოლს, რომელსაც გორში შემოწმებისას ალკოტესტმა
დაუდგინა 0.375 პრომილე თრობა. მოქალაქემ 2 საათში ჩაიტარა
ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც ალკოჰოლის კვალი მის ორგანიზმში საერთოდ
არ აღმოჩნდა:
,,6 თვით ჩამომართვეს მართვის უფლება იმის გამო, რომ საერთოდ არ
მქონდა ალკოჰოლი მიღებული. 2 საათში ჩავიტარე ესპერტიზა, სადაც
ალკოჰოლის კვალი 0.00%-ი აღმოჩნდა. წარვადგინე ეს დასკვნა,.მაგრამ
მაინც არ გამიუქმეს ოქმი, რადგან 15 წუთის დაგვიანებით არის
ჩატარებული ექსპერტიზაო. ექსპერტიზაზე მოსვლაც 15 წუთი თვითონ
დააგვიანეს" - განაცხადა მეორე მოქალაქემ.
მოსამართლე ნინო გერგაულმა ორივე ოქმი ისე გააუქმა, კითხვები აღარც
გასჩენია.
სტატიის გამოყენების პირობები