ახალი ამბები
სოფელში დაბრუნება და წარმატებული წარმოება – დოშკანას ისტორია
ნანა შარაშიძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში მდებარე დოშკანას საოჯახო მეურნეობას ხელმძღვანელობს. მეუღლესთან ერთად მან ხუთი წლის წინ თბილისი დატოვა და სოფელში გადასახლდა, რათა ნატურალური მეურნეობა დაეწყო. „მე წარმოვადგენ საოჯახო მეურნეობა დოშკანას, რომელიც არის ხაშურის მუნიციპალიტეტის პატარა სოფელ სავანისუბანში, ქვიშხეთის თემში.

5 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე საცხოვრებლად თბილისიდან გამოვედით და ნატურალურ მეურნეობას ვეწევით,“ – ამბობს ნანა შარაშიძე. მეურნეობაში მოჰყავთ კენკროვანი კულტურები, ჰყავთ მსხვილფეხა საქონელი, თხები და ფრინველი.

მეურნეობა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. ნანა და მისი მეუღლე აქტიურად მონაწილეობენ გამოფენებსა და ბაზრობებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები, რომლებშიც ნანა უკვე მეორედ მონაწილეობს: „ეს არის ცნობადობისთვის საუკეთესო საშუალება, როდესაც გიცნობს მომხმარებელი და შენ თავად იცნობ კოლეგებს, რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ.“

ნანა შარაშიძემ სოფლის მეურნეობაში განათლება დამოუკიდებლად მიიღო, რადგან პროფესიით ამ სფეროს წარმომადგენელი არ არის.

„ნებისმიერი საქმის კეთებისთვის აუცილებელია ცოდნა. მე პროფესიით არ ვარ სოფლის მეურნე და ამიტომ მომიწია ბევრი მეცადინეობა, რომ შემესწავლა სხვადასხვა პროდუქციის წარმოება. ბევრი ტრენინგი გავიარე ევროკავშირის დაფინანსებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ცოდნით როცა ხარ შეიარაღებული, ხარ ძლიერი.“

მომავალში ნანა გეგმავს საკუთარი პროდუქციის გატანას ევროკავშირის ბაზარზე. მისი თქმით, სწორი მიდგომა, ხარისხიანი პროდუქტი და განათლება – არის მთავარი წინაპირობები, რომ სოფლის მეურნეობა წარმატებული და კონკურენტუნარიანი გახდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები