თამარ საჩალელი კასპის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე
სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობს. მას საკუთარი საწარმო აქვს, რომელსაც
“თამარისი” დაარქვა. საწარმო საბავშვო და საოჯახო თეთრეულს აწარმოებს.
თამარმა ასევე ბიომეურნეობა წამოიწყო და შექმნა საკუთარი
აგროპროდუქტების ბრენდი — “ბიო ედემი”, რომელიც ძველი ქართული,
ენდემური ჯიშის პარკოსანი კულტურების წარმოებას აერთიანებს.
ქალმა მეწარმემ საკუთარი პროდუქცია გორში, ევროკავშირის დღისადმი
მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე წარადგინა და მომხმარებლების მოწონებაც
დაიმსახურა.
„ჩვენი სოფელი ადმინისტრაციული ერთეულია და რამდენიმე საზღვრისპირა
სოფელს მოიცავს. ვარ საწარმო ‘თამარისის’ დამფუძნებელი და ვაწარმოებ
თეთრეულს.
გარდა ამისა, ვარ ბიომეურნე და ჩემი ბრენდით ‘ბიო ედემი’ ვწარმოებ
ძველი ქართული პარკოსანი კულტურების სახეობებს,“ — გვიყვება თამარი.
თამარს საკუთარი საქმიანობის განვითარებაში ევროკავშირი დაეხმარა.
მან სხვადასხვა საგრანტო პროგრამიდან ოთხი გრანტი მოიპოვა — როგორც
სოფლის მეურნეობის, ისე სამკერვალო საქმის ხელშეწყობისთვის.
„ევროკავშირს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. მიღებული
მაქვს ოთხი გრანტი, რაც დიდად დაეხმარა როგორც სოფლის მეურნეობას, ისე
სამკერვალოს განვითარებას. ვცდილობ, ვიყო წარმატებული და ჩემი
გამოცდილება სხვებსაც გავუზიარო,“ — ამბობს თამარი. მეწარმე ქალი
განვითარებას განაგრძობს და ცდილობს, თავისი გამოცდილება
თანასოფლელებსაც გაუზიაროს, რათა მათაც შეძლონ სხვადასხვა ევროპული
ფონდის მხარდაჭერის მიღება.
სტატიის გამოყენების პირობები