ლაშა ჯიოშვილი ატენიდანაა. სამი შვილის მამა იმ ადამიანთა შორის
ერთ-ერთია, ვინც ქუჩაში დგას და აპროტესტებს სისტემას, რომელიც, მისი
აზრით, ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსს უკარგავს და ოკუპანტ რუსეთთან
პირისპირ მარტო ტოვებს.
ლაშა ვიდეოოპერატორია, ამჟამად მუშაობს „ტვ პირველში“. თუმცა
ჟურნალისტური საქმიანობის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული
სამოქალაქო აქტივიზმშიც და ამის გამო არაერთხელ გამხდარა მმართველი
პარტიის სამიზნე.
„ქუჩაში ვდგავარ არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის წინააღმდეგ,
არამედ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც ადამიანებს ღირსება და
არჩევანი წაართვა,“ — ამბობს ის. ლაშა ჯიოშვილი რამდენჯერმე დააკავეს
ადმინისტრაციული წესით. ამის პარალელურად, ხელისუფლების მხარდამჭერები
მის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობენ. სამთავრობო მედიით გავრცელდა
ინფორმაცია, თითქოს ის აქციებზე ფულისთვის დადის. „რეალურად, ღამით
ჭერებზე დავდივარ — გასაჭიმ ჭერს ვაკეთებ. ამას ვაკეთებ ოჯახის
სარჩენად. მაგრამ დღისით მაინც ქუჩაში ვარ, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი
ხმა საჭიროა,“ — ამბობს ლაშა.
ის უკვე წლებია დამოუკიდებლად მუშაობს, აკეთებს გასაჭიმ ჭერებს და
ამით ინახავს ოჯახს. ამბობს, რომ წარსულში მუშაობდა გორის მერიაში — 2
წლის განმავლობაში, თუმცა დატოვა საჯარო სამსახური მას შემდეგ, რაც
მისგან მოითხოვეს ტყუილების თქმა. „მაშინაც ასე იყო — დავინახე, რომ
იქ ყოფნა ჩემი პრინციპების წინააღმდეგ მიდიოდა და უბრალოდ წამოვედი.
ხმა არ ამომიღია, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ ვერ დავრჩებოდი. არც ერთი
ხელფასის ფასად, არც ერთი სამსახურის სანაცვლოდ არ ვაპირებ ისე
გავჩუმდე, რომ მერე ჩემ შვილებს ვიღაცამ უთხრას — „მედოროვე იყოო“. არ
მინდა ეს შეურაცხყოფა.“
ლაშა აქტიურად იღებდა მონაწილეობას წინა ხელისუფლების წინააღმდეგ
გამართულ საპროტესტო აქციებში. ამ ფაქტებს „ქართლის ამბების“ არქივიც
ინახავს. ჯიოშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო ირაკლი
ალასანიას პარტიიდან. „წინა ხელისუფლების დროსაც ვიდექი ქუჩაში. ამ
ხელისუფლების დროსაც ვდგავარ. ჩემი სამსახურებრივი შესაძლებლობებიდან,
ფიზიკური და ინტელექტუალური რესურსიდან გამომდინარე, ვიბრძვი როგორც
შემიძლია. დიდი ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო ხელისუფლების დროსაც ისევ
ქუჩაში ვიქნები — იმიტომ რომ ჩემთვის მთავარი არის, ეს ქვეყანა
დალაგდეს. მინდა, ჩემს შვილებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო, სადაც ვიღაც
არ გაუსწორდება ფიზიკურად თავისი შეხედულების გამო. მინდა, რომ ეს
ქვეყანა იყოს ევროპული.“
სტატიის გამოყენების პირობები