ახალი ამბები
,,გაურკვეველი წარმოშობის დოკუმენტებია’’ - ფრონეს ხეობიდან დევნილებისთვის პროდუქტები რუსეთიდან მოაქვთ
თიღვის გამგეობა ფრონეს ხეობის დევნილებისთვის პროდუქტების შეძენას აპირებს. ჩამონათვალში შედის ისეთი პროდუქტები, რომლებსაც რუსეთიდან და პაკისტანიდან ჩამოიტანენ.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა’’ თიღვის გამგეობას წარუდგინა რუსეთში გაცემული ისეთი საბუთები, რომელთა ნამდვილობაში ეჭვი შეაქვთ.

დოკუმენტების ნამდვილობა შეისწავლა კომპანია ,,რიომ’’. ,,რიოს’’ წარმომადგენელი საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,უნივერსალ ბიზნესშოპს’’ ტენდერში არ უნდა გაემარჯვა, თუ რა თქმა უნდა, გამგეობის მხირადან დაინტერესებას არ ჰქონდა ადგილიო.

სატენდერო კომისია თიღვის გამგებელმა სპარტაკ პეტრიაშვილმა დააკომპლექტა, თუმცა კომისიის მუშაობაში არ იღებს მონაწილეობას. სპარტაკ პეტრიაშვილი პარლამენტარ გენო პეტრიაშვილის მამაა.

ფრონეს ხეობიდან დევნილები კი ძირითადად ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

ტენდერში 116 700 ლარად გაიმარჯვა კომპანია ,,უნივერსალ ბიზნეს შოპმა’’, რომლის დამფუძნებელი დიმიტრი ლომაიაა. კომპანიამ რეგისტრაცია 2025 წლის იანვარში გაიარა.

დიმიტრი ლომაიამ სატენდერო კომისიას წარუდგინა საბუთები, რომლის მიხედვით ფრონეს ხეობიდან დევნილებისთვის ბრინჯი ჩამოტანილი იქნება პაკისტანიდან, ზეთი და წიწიბურა რუსეთიდან.

კომპანია ,,რიოს’’ წარმომადგენელმა ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებს:

წიწიბურას მწარმოებლად მითითებულია „АО Перспектива“, თუმცა წიწიბურასთვის შესაბამისობის დეკლარაცია გაცემულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიერ. რაც შეეხება წიწიბურას ფიტოსანიტარულ სერთიფიკას, ის გაცემულია - ООО „АЛТАЙСКАЯ КРУПЯНАЯ КОМПАНИЯ“-ს მიერ.

,,შესაბამისად, ამ დოკუმენტებს შორის ვერანაირი კავშირი ვერ დგინდება.’’ - წერს საჩივრის ავტორი.

,,რიოს’’ წარმომადგენელი განმარტავს, რომ რუსული დოკუმენტებიდან ტექსტიც არასრულწყოფილადაა თარგმნილი, თუმცა, თავად დოკუმენტებია გაურკვეველი წარმოშობისაო:

,,შეუიარაღებელი თვალითაც ნათელი იქნებოდა სატენდერო კომისიის წევრებისთვის ხილვადი დეკლარაციასა და სერტიფიკატს შორის გაურკვეველი წარმოშობის დოკუმენტის მოქცევა, ხოლო თარგმანში გაურკვეველი უცხოური წარწერების მქონე ფურცლის ნაწილობრივ თარგმნა, ეტყობა ადგილი არ ეყო პრეტენდენტს.’’ - აცხადებს საჩივრის ავტორი.

,,რომ არა დაინტერესება, სატენდერო კომისიას უნდა მიეღო სხვაგვარი გადაწყვეტილება’’ - აღნიშნავს საჩივრის ავტორი.

შესყიდვების სააგენტოში საჩივარი განხილვის პროცესშია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები