ეკამ თვალი მაშინ გაახილა, როცა პატარა ოთახს მზის სხივები მოეფინა.
აქეთ-იქით მიმოიხედა, სადა ვარო და მორიგად გული დაწყდა, როცა
საკუთარი სახლის კედლების მაგივრად თვალი სხვას მოავლო _ იქაურობას
პატარა ბავშვების ნახატები და აქა-იქ ისევ მათი სათამაშოები
ამშვენებდა. ისევ ზაჰესის დასახლება?! ნეტა აქ ყოფნა როდემდე
მოგვიწევს, როდის დავბრუნდებითო, გაიფიქრა და გვერდით მწოლიარე დედის
სუნთქვას ყური მიუგდო.
წუხელ ცალკე მშობლიურ არე-მარეზე დადარდიანებულმა, ცალკე კიდევ
ჯანმრთელობის პრობლემით ისე გვიან დაეძინა, ჯობს, ჯერ იწვეს და კარგად
გამოიძინოსო ...
ჩუმად წამოდგა, უმცროს დასთან ფეხაკრეფით მიიპარა საწოლი მორიდებით
შეანჯღრია და ხმადაბლა უთხრა: _ დაო, 8 საათია, დაბლა ჩავალ და ჩვენ
წილ პურს ამოვიტან, თორემ იმდღევანდელივით მოგვიანებით მისულს
ვაითუ
აღარ შეგვხვდეს და ფულიც აღარაფერი გვაქვს, როგორ ვიყიდითო (იძულებით
გადაადგილებულ ოჯახებს სახელმწიფო მაშინ პურითა და სხვა პირველადი
საჭიროების პროდუქტით ეხმარებოდა).
ეკა გოგიშვილი თერთმეტი წელია,
რაც წეროვანში ცხოვრობს, ყოველ დილით მას ისევ მზის
სხივები აღვიძებენ, ოღონდ ახლა უკვე ირიბი მნიშვნელობით _ მზესავით
თბილი 8 წლის ერეკლე და 6 წლის მარიამი. შვილები ადრე იღვიძებენ,
ერთმანეთს ელაპარაკებიან, ხან მშვენივრად რიგდებიან, ხან კინკლაობენ,
ხან ტელევიზორს ჩართავენ, ხან კი მობილურში იცქირებიან, და რაც არ
უნდა დაღლილი გვიან იძინებდეს, მათი ფუსფუსი დედას ძილის საშუალებას
აღარ აძლევს. ახლა ზაფხულია და გა კვეთილების მომზადების ნაცვლად
ერეკლე და მარიამს მშობლები ეთიკის ნორმებსა და წესიერებაზე
ესაუბრებიან, ხშირად კი საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც
უზიარებენ. ამ მხრივ დედა უფრო აქტიურია, რადგან მამა, სოსო
ხაჭაპურიძე, ჯერ ერთი, ძალიან სიტყვაძუნწია და მეორეც — სამსახურიდან
სახლში იმდენად დაღლილი ბრუნდება, ლაპარაკის უნარიც კი აღარ აქვს.
და-ძმისთვის განსაკუთრებით საინტერესო და აღმაშფოთებელი მაინც 2008
წლის ისტორიაა.
„ჩვენ მშობლიურ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების გამოჩენამ ყველა დიდ
საგონებელში ჩააგდო. მიუხედავად სახლში ყოფნის სურვილისა, დიდებმაც და
პატარებმაც სოფელი დავტოვეთ. ყველაფერი იქ დაგვრჩა — მთავარი სიცოცხლე
იყო, და გადასარჩენად აქეთ, ნათესავებთან გამოვიქეცით... ჩვენ უბანში
ქალი დაიღუპა და რადგან იმ ოჯახს ვეხმარებოდით, წამოსვლას ჯერ ვერ
ვახერხებდით, მაგრამ ძალიან რომ აირ-დაირია, სხვა რა გზა იყო...“
— ფეხით თუ მანქანით? რითი
მოდიოდით? მორბოდით თუ მინდორ-მინდორ სხვა გზით
მოიპარებოდით? — ჯერ წინა კითხვაზე დედას თხრობა
დამთავრებული არც კი აქვს, რომ და-ძმა ახალ-ახალი კითხვებით
მიმართავს.
— ზოგი საკუთარი მანქანით წამოვიდა, ზოგი — მეზობლისა, ზოგიც ნათესავს
დაემგზავრა. მაგრამ ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩემს მშობლებსა და მათ
თაობას, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ და ცხოვრება გაატარეს, ძალიან
უჭირდათ კარები გამოეხურათ და არხეინად წამოსულიყვნენ — თავიანთი
ნაშრომით ნაშენ-ნაწვალები მტრის ასაოხრებლად ვერ იმეტებოდათ.
ამიტომაც, მათ ნაწილმა იქ დარჩენა გადაწყვიტა.
— დე... დეე... მერე მათ
რუსები სახლებში არ შეუცვივდნენ? ცოცხლები როგორ
გადარჩნენ?
— უიი... უიი... ისა თქვი,
მიდი, კიდე თქვი, პაპა ხვითში რო დაბრუნდა და რო დაგირეკათ — აქ ისეთი
ამბავია, იმდენი სამხედრო ფორმიანი დადის, მე ან გადავრჩები, ან ვერა,
თქვენ კი სახლში დაბრუნება ჯერ არ
გაბედოთო...
— კი, დედი, ასე იყო. მამაჩემმა რო მე, ჩემი და და დედა გორისკენ
გამოგვაცილა, თვითონ ისევ ზემო ხვითში დაბრუნდა. „გინდ მომკლან, მე
ჩვენს სოფელს ვერ დავთმობო“, — ამბობდა.
8 აგვისტოს, ჩვენი სოფლის მოსაზღვრედ, ნიქოზში, ისეთი უბედურება
დატრიალდა, რასაც არავინ ველოდით. ნიქოზს იქით კი უკვე ცხინვალია და
ჩვენთან, იქვე ყურიძირში, მშვიდობა აბა როგორ იქნებოდა?!
— ისა, ის როგორ იყო, ბაბო
ფეხზე რო ვერ დადიოდა და ტიროდა, „ვაიმე, ნეტა სახლში არ
შემოგვიცვივდნენ და ლოგინში არ ჩამკლანო...“ — ეს
თქვა და ბავშვმა სლუკუნი ამოუშვა...
ეკას მაინცდამაინც გულჩვილობა არ ახასიათებს — ძლიერი ხასიათისაა,
თუმცა ბავშვის ტირილზე თვალებიდან უნებლიედ ცრემლები წამოსცვივდა.
მძიმე ოპერაცია გადატანილი დედა გაახსენდა — 2008 წლის მოვლენებს
მწოლიარემ რომ შეესწრო. მას არა თუ გორისკენ გაქცევის, არამედ
მეზობლის "პადვლამდე" გადასვლის თავიც კი არ ჰქონდა.
— დედაჩემს იმ წელიწადს, მაისში, მენჯის პროთეზირება გაუკეთეს. რთული
ოპერაცია იყო და საწოლიდან წამოდგომა აგვისტოშიც არ შეეძლო. შიშით
იძინებდა და შიშით იღვიძებდა. მერე ზაჰესში წავიყვანეთ და ერთ-ერთ
საბავშვო ბაღში დავბინავდით. ახლა მამაჩემზე დარდობდა — „ნეტა ცოცხალი
დამახვედრეო...“
სახუმარო საქმე მართლა არ იყო — ჩვენი სოფლიდან თერთმეტი დაიღუპა, მათ
შორის ქალებიც. ორნი, სამხედრო ბიჭები — ჯიმი კურდღელაშვილი და ონისე
დოიჯაშვილი — ჩემი კლასელების ძმები იყვნენ, და სიმშვიდეს აბა როგორ
შევინარჩუნებდით?!
— დედა... დეეე... მერე სახლში
როდის დაბრუნდით, ან პაპამ რო დაგინახათ, რაო, რა გითხრათ, როგორ
ხასიათზე დაგხვდათ?
— აგვისტოში წასულებმა მთელი ზამთარი თავი იმ საბავშვო ბაღს
შევაფარეთ, რადგან ვარიანამდე ტერიტორიას რუსი აკონტროლებდა, ჩვენი
სოფელი კი ცხინვალთან იქვე იყო. როცა ვითარება ცოტა დამშვიდდა,
საკუთარ ადგილ-მამულს სხვებიც, ჩვენსავით, თანდათან დაუბრუნდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საზღვრისპირა სოფელია, იქაურობას მოსახლეობა არ
ტოვებს.
ასეა, დედი — ქართველ ხალხს თავისი სამშობლო უზომოდ უყვარს... და
სწორედ ამიტომაა, რომ ამ ქვეყანამ ათასგვარი უცხო ტომების შემოსევას
გაუძლო და განადგურებას გადაურჩა, თორემ აქამდე — ერი-ჰააა...
— ახალ წელსა ღორის დაკვლაზე
რო წაგვიყვანე, საშიში აღარ იყო?
აი, რო გავიზრდები და ჯარისკაცი ვიქნები, ავტომატს ვიყიდი, თქვენ
სოფელს მე დავიცავ და არაფრისა შეგეშინდეთ — არც შენა, არც პაპასა და
არც ბაბოსა, კარგი?!
ემოციურად ნათქვამი სიტყვების გაგონებაზე დედას გულში ერთგვარად სითბო
ჩაეღვარა, მომავლის იმედი ჩაესახა და ბიჭი გულში ჩაიკრა...
ომისა და მშვიდობის ფასი ეკამ უკვე კარგად იცოდა, და დევნილ
ახალგაზრდასთან ბედის დაკავშირებას არ შეშინებია. თერთმეტი წლის წინ
იგი ქურთიდან დევნილი ხაჭაპურიძეების რძალი გახდა და მეუღლესთან,
სოსოსთან და ქალ-ვაჟთან ერთად წეროვანში ცხოვრობს.
წლებია, რაც ლიახვის ხეობელ ხალხთან უშუალო შეხება აქვს — ანუ თავადაც
უკვე მათი ნაწილია. მეზობლები, მეგობრები, ნათესავები, ორივე ბავშვის
თანაკლასელები — თითქმის ყველა იძულებით გადაადგილებული პირია. მათი
წუხილი აწუხებს და მათი სიხარული ახარებს.
ჩვენი ჟურნალის თითოეული ნომრის გამოსვლას მოუთმენლად ელოდება.
დაგვიანების შემთხვევაში რედაქციას უკავშირდება და ცდილობს დააზუსტოს
— „ამ თვეში ხომ უეჭველად დაიბეჭდება?“
„მომაწოდეთ-რაა... მხედველობიდან არ გამოგრჩეთ — მე თითოეულ ნომერს
ინტერესით ვეცნობი და ვინახავ, რადგან ესეც ჩვენი დაკარგული კუთხის
ერთგვარი ისტორიაა — ფაქტებით გადმოცემული ისტორია, რომელსაც წლების
შემდეგ ჩემი შვილებიც გაეცნობიან და გააანალიზებენ, სინამდვილეში რა
და როგორ ყოფილა.“
ნანა კახნიაშვილი, 2025 წლის 5
აგვისტო, მასალა მომზადებულია ქურთის მუნიციპალიტეტის გაზეთ ,,ლიახვის
ხეობისთვის''
სტატიის გამოყენების პირობები