გორის მომსახურების სააგენტოში, მოქალაქეებისთვის ახლადაშენებულ
შენობაში, გაკეთებიდან რამდენიმე კვირაში, დაზიანდა ხელასაბანები,
წყლის მილები და უნიტაზები. როგორც აღმოჩნდა, სამშენებლო მასალები,
რომელთაც ჩეხური ეტიკეტები ამშვენებდა, რუსული წარმოების
აღმოჩნდა.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მშენებელ კომპანიას
საკუთარი ხარჯებით დაზიანებული ,,რუსული'' ინფრასტრუქურის აღდგენა
მოსთხოვა.
სამშენებლო კომპანია ,,ნიუ ჯორჯიას'' წარმომადგენელმა ლერი მახარაძემ
შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილეს,
ვალერიან დათულიშვილს უპასუხა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურის
აღდგენა მათ მოვალეობაში არ შედიოდა, რადგან არ იყო ანაზღაურებული
მომსახურების თანხა.
,,ჩვენთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვთ ფაქტიურად ჩვენგან
უსასყიდლოდ დამონტაჟებულ ხელსაბანებზე ონკანების ან მილების
შეცვლას.?'' - სწერს კომპანიის დირექტორი დამკვეთს.
მშენებელი კომპანია დამკვეთს ახსენებს მშენებლობის პროცესში 2024 წლის
ოქტომბერში მომხდარ გაუგებრობას, როდესაც კომპანიას 15 000 ლარი არ
აუნაზღაურეს:
,,მოთხოვნილი იყო ჩეხური წარმოების უნიტაზები და ხელსაბანები, ჩვენს
მიერ ბაზარზე მოძიებული იქნა უნიტაზები, მხოლოდ და მხოლოდ, ,,JIKA”-ს
სახელწოდებით და შეთანხმდა თქვენდამი რწმუნებულ ზედამხედველებთან,
თუმცა როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ფირმის პროდუქცია ბოლო წლებში
მზადდება რუსეთის ფედერაციაში, ხოლო უშუალოდ ჩეხეთში ნაწარმოები
პროდუქცია ვერ იქნა მოძიებული ქართულ ბაზარზე (ცნობილ მაღაზიათა
ქსელებს როგორებიც არის ,,გორგია“, ,,მოდუსი“, ,,იდეალი“, ,,ნოვა“
მითითებული აქვთ რომ ,,JIKA“-ს ფირმის პროდუქცია არის ჩეხური , თუმცა
ირკვევა, რომ შემოტანილია რუსეთის ფედერაციიდან). ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნიტაზებისა და ხელსაბანების ჩეხეთში
წარმოებას ვერ ვადასტურებთ და მათი გათვალისწინება თქვენი
გადასაწყვეტია.'' - სწერდა 2024 წლის ოქტომბერში კომპანია
დამკვეთს.
შს მომსახურების სააგენტომ შესრულებულ სამუშაოებს ექსპერტიზა ჩაუტარა.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, 15 000 ლარის
ღირებულების სამშენებლო მასალები რუსეთში დამზადებული აღმოჩნდა.
სააგენტომ თანხა არ აუნაზღაურა, თუმცა მოკლე დროში, დაზიანებული
რუსული ინფრასტრუქტურის აღდგენა, როგორც წერილებიდან ირკვევა,
სახელმწიფოს მოუწია.
სტატიის გამოყენების პირობები