ახალი ამბები
ბებნისში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს
გორის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის მოთხოვნა 44 წლის ზვიად ნოზაძის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ასევე დაკმაყოფილდა სახაზინო ადვოკატის შუამდგომლობა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

საქმე 7 აგვისტოს, ქარელის სოფელ ბებნისში მომხდარ მკვლელობის ფაქტს ეხება, რა დროსაც 50 წლის ზურაბ იმერლიშვილი მოკლეს და ორი პოლიციელი დაჭრეს.

პროკურორის განცხადებით, მკვლელობა მოხდა შურისძიების მოტივით შელაპარაკების ნიადაგზე. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული მხოლოდ ფრაგმენტულად იხსენებს მომხდარ ფაქტს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მეზობელი სანადირო თოფით მოკლა. შემდეგ მის დასაკავებლად მისული 3 პოლიციელიდან ორი დაჭრა. მესამე პოლიციელს კი თოფის ლულა თავის მიმართულებით დაუმიზნა გასროლის მიზნით.

როგორც კლინიკაში ,,ქართლის ამბებს" უთხრეს, ერთ-ერთ პოლიციელს სახის არეში დაზიანებები სანადირო თოფის საფანტით ჰქონდა მიღებული.

პროკურორის განცხადებით, იარაღიდან სროლამდე ბრალდებული საკუთარ მამას ფიზიკურად გაუსწორდა.

რაც შეეხება გარდაცვლილს, ზურაბ იმერლიშვილი საფრანგეთში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან, იქ ოპერაცია გაუკეთეს და სიცოცხლე შეუნარჩუნეს. საქართველოში კი გარდაცვლილი სიდედრის ორმოცზე ჩამოვიდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები