საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში სკვერი იმ ადგილას
მოაწყვეს, სადაც ბავშვები თითქმის არ დადიან — დასასვენებელი სივრცე
გდდ-ს საგუშაგოს წინ არის, რომელიც სოფლის ბოლოში მდებარეობს. იქ
მისასვლელად მოგვთხოვეს უსაფრთხოების სამსახურის ნებართვა.
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა
შედარებით უსაფრთხო ადგილზე, ძველ სტადიონზე იგეგმებოდა, თუმცა
მოსახლეობამ უკმაყოფილება გამოთქვა და ტერიტორია არ დაუთმო. შედეგად,
სკვერისთვის სხვა ადგილი მოძებნეს, თუმცა ახალი სივრცე მიტოვებულია და
ბალახით არის დაფარული.
„ძველ სტადიონზე უნდოდათ გასართობის გაკეთება, მაგრამ მოსახლეობა
წინააღმდეგი წავიდა. ახლა იქ ბალახებია ამოსული და ბავშვები არ
დადიან,“ — გვითხრეს ადგილობრივებმა.
სტადიონიც ამჟამად მოუწესრიგებელია, რის გამოც სოფლის ბავშვები
ძირითადად დასახლების ცენტრში იკრიბებიან.
„ბოლო პერიოდში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ოჯახებიანად. ახლა სოფელში
ბევრი ბავშვია და ყოველ საღამოს ცენტრში იკრიბებიან. სკვერი შორსაა,
სტადიონიც დასამთავრებელია. რომ დასრულდეს, იქ უფრო წავლენ,“ —
ამბობენ ადგილობრივები.
გდდ-ს საგუშაგოს წინ სკვერის მოსაწყობად ბიუჯეტიდან თანხა 2023 წელს
დაიხარჯა.
სტატიის გამოყენების პირობები