გასული წლის დასაწყისში კასპის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ოფიციალურ
ფეისბუქის გვერდზე ამომრჩევლებს აცნობა, რომ მუნიციპალიტეტის 7
სოფელში მოეწყო ფიტნეს ტრენაჟორები. პროექტზე ჯამში 180 000 ლარი
დაიხარჯა, ხოლო თითოეულ სკვერზე — 25 573 ლარი.
მათ შორის ერთ-ერთი არის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ
საკორინთლოში მოწყობილი სკვერი.
შესყიდვა და
შემოწმება
პროექტი განახორციელა კომპანია „ჯეო პარკი“. ინსპექტირებისას
დადგინდა, რომ ყველა ტრენაჟორი რუსეთშია დამზადებული, ხოლო კაუჩუკის
ფილები — თურქეთში (მარკა არ არის მითითებული).
ობიექტი შემოწმდა ინსპექტირების ორგანო „ქრიზოლითის“ მიერ. ექსპერტიზა
ჩაატარა 40-წლიანი გამოცდილების მქონე ინჟინერმა იოსებ გოგატიშვილმა.
მისი დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ფაქტობრივი
სამუშაოები ერთმანეთს შეესაბამებოდა, ხილული ხარვეზები არ
დაფიქსირდა.
დასკვნაში ვკითხულობთ:
,,კომპანია ჯეო პარკის მიერ
ინსპექტირებაზე წარმოდგენილია კასპის სოფელ საკორინთლოში ფიტნეს
ტრენაჟორებისა და საჩრდილობელი ფანჩატურის მოწყობაზე შედგენილი
აქტები''
,,ფარული სამუშაოების აქტების ანალიზისა და ხილული სახის სამუშაოების
ადგილზე დათვალიერების და აზომვების შედეგად, ფაქტიურად შესრულებული
სამუშაოების სახეები და მოცულობები შესაბამისობაშია წარმოდგენილ
მონაცემებთან''
,,აზომვები განხორციელდა 10 მ-იანი ლითონის საზომი ლენტით. ვიზუალური
შემოწმებით შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზები არ
დაფიქსირებულა'' - წერს ექსპერტი იოსებ გოგატიშვილი.
რეალური
მდგომარეობა
მერის განცხადებით, ტრენაჟორებით უნდა ესარგებლათ როგორც საკორინთლოს,
ასევე მეზობელ სოფელ ახალშენში მცხოვრებ მოზარდებს. თუმცა ადგილზე
გასვლისას „ქართლის ამბებმა“ დააფიქსირა, რომ ბავშვები სკვერში ვერ
მიდიან. ის ბლოკ-საგუშაგოს წინ, დაახლოებით 20 მეტრშია და იწყება ე.წ.
უკონტროლო ტერიტორია.
ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად გასართობი ზონის მოწყობა ძველ
სტადიონზე იგეგმებოდა, მაგრამ მოსახლეობამ ტერიტორია არ დაუთმო.
შედეგად, სკვერი სხვა, ნაკლებად უსაფრთხო ადგილას მოეწყო. ახალი
სივრცე მიტოვებულია და ბალახით არის დაფარული.
ალტერნატიული
სივრცეები
სტადიონიც ამჟამად მოუწესრიგებელია, რის გამოც სოფლის ბავშვები
ძირითადად დასახლების ცენტრში იკრიბებიან.
„ბოლო პერიოდში ბევრი დამსვენებელი ჩამოდის ოჯახებით. ახლა სოფელში
ბევრი ბავშვია და ყოველ საღამოს ცენტრში იკრიბებიან. სკვერი შორსაა,
სტადიონიც დასამთავრებელია. რომ დასრულდეს, იქ უფრო წავლენ,“ —
ამბობენ ადგილობრივები.
სტატიის გამოყენების პირობები