ახალი ამბები
„არავინ ჩვენი პატრონი არ არის“ — ქემერტელი სულხან კასრაძე ხელისუფლების უყურადღებობაზე
ქემერტელი სულხან კასრაძე ახლაკასპის მუნიციპალიტეტში, მეტეხის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. 2008 წლის ომის შემდეგ საკუთარ განცდილსა და დღევანდელ ყოფას იხსენებს.

მისი თქმით, მაშინ სოფელი დიდ საფრთხეში აღმოჩნდა, დღეს კი ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოსგან მიტოვებულად გრძნობს თავს.

„პირველი ადგილი, სადაც რუსის ჯარი შემოვიდა, ყალათ უბანი იყო. იქ ბავშვი დაიღუპა, მამა გადარჩა. დედა რუსი ჰყავდა და რუსულად ესაუბრებოდა, მაგრამ რუსებმა არც კი მიიკარეს. ობოლ ბავშვსაც არავინ შეხედა,“ — ამბობს კასრაძე.
მისი თქმით, ომის დროს ქემერტის დიდ ციხეს აფარებდა თავს მთელი სოფელი. იქ თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ, რადგან მუდმივად რაკეტებით ბომბავდნენ.

სულხან კასრაძე დღესაც ბევრი ტკივილით საუბრობს სახელმწიფოზე. „ვისი ბრალია ახლა, რომ კობახიძე ბოდიალობს? მოსულა ის აქ ოდესმე? მინახავს თვალით?“ — კითხულობს იგი.

კასრაძე გვიჩვენებს ახლად გაშენებულ ბაღსაც. ამბობს, რომ ყველაფერს საკუთარი ძალებით აკეთებს, თუმცა მხარდაჭერა არავისგან აქვს:

„ვინ არის ჩვენი პატრონი? არავინ. ლტოლვილები უპატრონოდ დავრჩით. ვინც ყურადღებას მოგვაქცევს, ენაცვალოს ჩემი თავი ყველას, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს, მაგრამ არავინ გვკითხულობს.“

გლეხი კონკრეტულ პრობლემებსაც ასახელებს. მისი თქმით, ტყეში შესვლა ჯარიმას უკავშირდება, მოსავლის შენახვის სათავსო არ აქვს, და წელს ორას ყუთამდე ვაშლის რეალიზაციას ვერ ახერხებს.

„მთავრობა მკითხავს რამეს? რა ქნას გლეხმა? გამოსავალი იქნებოდა ქარხნები ამოქმედებულიყო, სადაც წვენის ჩაბარებას შევძლებდით,“ — ამბობს ის.

კასრაძე იხსენებს, რომ ომამდე დიდ სახლსა და პადვალს ფლობდა. დღეს მხოლოდ ერთი პატარა სათავსო აქვს, სადაც კამპოტებს ალაგებს. „ეს ცხოვრებაა?“ — სვამს კითხვას.

„აქ გამგებელიც არის და საკრებულოც, მაგრამ არავინ ცდილობს გლეხის დახმარებას. არავინ ჩვენი პატრონი არ არის,“ — ამატებს სულხან კასრაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები