ქალაქ გორის გენგეგმაზე მუშაობა უკვე 6 წელია გრძელდება.
პირველი ტენდერი 2019 წელს გამოცხადდა და სამუშაოები 2021 წელს
დასრულდა, თუმცა დოკუმენტი დღემდე არ დამტკიცებულა.
2022 წლიდან 2024 წლის ბოლომდე ქალაქში 13 მრავალსართულიანი კორპუსის
მშენებლობაზე გაიცა ნებართვა. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ
კორპუსების გამო, წყალსადენ სისტემას საფრთხეს უქმნიან, სამოქალაქო
აქტივისტები გენგეგმის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.
გორის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, გენგეგმის 70-80%
უკვე დასრულებულია. მოქალაქის კითხვაზე, თუ რატომ არ ქვეყნდება
პროექტი საჯაროდ, იგი ამბობს, რომ დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია
მხოლოდ მის კაბინეტში მისვლით.
2019–2021 წლებში მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, რეკომენდებული
იყო, რომ ქალაქში მაქსიმუმ 5-სართულიანი კორპუსები აშენებულიყო.
ასევე, დოკუმენტი ითვალისწინებდა ქალაქგარეთ არსებული ცარიელი
ტერიტორიების ათვისებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებული იყო
იმაზე, რომ გარკვეული ადგილებიდან გორისციხე კარგად უნდა გამოჩენილიყო
და მისი ხედვის არეში მაღალი კორპუსები არ მოხვედრილიყო.			
სტატიის გამოყენების პირობები