ახალი ამბები
ქვემო გომის გზის ტენდერი კანონდარღვევით ჩატარდა - შესყიდვების სააგენტო
ქვემო გომის გზის რეაბილიტაციის ტენდერში კანონდარღვევა გამოვლინდა. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, კომპანია „ჩაგელა“, რომლის დირექტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველია, კასპის მერიამ გამარჯვებულად კანონდარღვევით გამოაცხადა. ,,ჩაგელას'' დირექტორმა, ლევან ჩაგელაშვილმა 2024 წლის ნოემბერში ,,ქართულ ოცნებას'' 20 000 ლარი შესწირა.

892 000 ლარიანი ტენდერის გასამარჯვებლად „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიამ 714 000 ლარი შესთავაზა და თითქმის 170 000 ლარზე მეტი დააკლო. პროექტი 1,2 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომელიც აგვისტოში უნდა დაწყებულიყო და 6 თვეს გაგრძელებოდა.

შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიის სატენდერო კომისიის საქმიანობაზე მსჯელობა 21 აგვისტოს დაასრულა. საბჭოს შეფასებით, კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობას.

კასპის მერიას, საბჭოს დავალებით, მოუწევს „ჩაგელას“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ხელახლა გადახედვა და ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასპის მერიის წინააღმდეგ საჩივარი კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპმა“ მოამზადა. მისი დირექტორი გიორგი ოდიშვილი მმართველი გუნდის შემომწირველთა სიაში არ მოიძებნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები