ახალი ამბები
გორის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს, რომელიც ,,ნაციონალების’’ დროს შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსი იყო
დღეს გორის ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ მარლენ ნადირაძე აირჩიეს. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის უფროსად მუშაობდა.

ჯერ კიდევ 2004 წლის 9 სექტემბერს, გორში მდებარე რესტორან „გუდაბერტყიაში“, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის სროლა მოხდა, რის შედეგადაც ორი თანამშრომელი დაიჭრა. 2004 წლის დეკემბერში გამოძიებამ დაადგინა, რომ ტყვიის მასრები ეკუთვნოდა იარაღს, რომელიც მარლენ ნადირაძეს ეკავა. ეს იყო „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი, რომელიც ფინანსურ პოლიციას ეკუთვნოდა.

როგორც იმ დროის ადგილობრივი პრესა იუწყებოდა, მარლენ ნადირაძე ორჯერ დაკითხეს: პირველად – ინციდენტის ღამეს, 9 სექტემბერს, ხოლო მეორედ – იმავე წლის დეკემბერში.

თავდაპირველად, ნადირაძე აცხადებდა, რომ მხოლოდ სროლის ხმა გაიგონა, თუმცა ექსპერტიზის პასუხის შემდეგ განმარტა, რომ იარაღიდან ჰაერში გაისროლა, რადგან ეგონა, რესტორნის ეზოში მანქანას ჰპარავდნენ.

საქმეში ფიგურირებდა ფინანსური პოლიციის უფროსის, დავით კეზერაშვილის, ბრძანებაც ნადირაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დოკუმენტი 2004 წლის 1 სექტემბრით არის დათარიღებული, რაც ნიშნავდა, რომ ინციდენტის დროს იგი უკვე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.

მაშინდელი სტატიების მიხედვით, გამოძიებამ დაუსვა კითხვა, თუ რატომ სარგებლობდა მაინცდამაინც ფინანსური პოლიციის კუთვნილი იარაღით, ნადირაძემ განაცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ მოგვიანებით შეიტყო და იარაღი ჯერ არ ჰქონდა ჩაბარებული.

„გუდაბერტყიის“ ინციდენტის შემდეგ მარლენ ნადირაძე შიდა ქართლის გუბერნატორის, მიხეილ ქარელის, მოადგილედ გადაიყვანეს, სადაც 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე მუშაობდა.
არჩევნების შემდეგ ის გორის საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

ერთი წლის შემდეგ, 2007 წლის სექტემბერში ნადირაძე დააკავეს, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის გუნდის წევრი — პროკურატურა მას ბრალს სდებდა, რომ ერთ-ერთ მაღაზიიდან გუბერნატორის აპარატისთვის ტელევიზორი უსასყიდლოდ წაიღო. პარალელურად, მაშინდელმა საკრებულოს წევრებმა იმპიჩმენტი მოუწყეს და გადააყენეს.

2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება'' მოვიდა, მარლენ ნადირაძე პოლიტპატიმართა რიცხვში მოხვდა. იგი ცდილობდა 2007 წლის იმ ოქმის უკანონოდ ცნობას, რომლითაც იმპიჩმენტი გამოუცხადეს. საკრებულოს წევრები უდასტურებდნენ, რომ ოქმზე იძულებით მოაწერინეს ხელი.

2025 წლის 30 ოქტომბერს მარლენ ნადირაძემ დაიბრუნა ის თანამდებობა, რომელიც 2007 წლის 13 სექტემბერს ჩამოართვეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები