ახალი ამბები
გორის ბარაკებში სპორტისა და კულტურის სასახლის მშენებლობა იგეგმება - ტერიტორიაზე 24 ოჯახი ცხოვრობს
გორის ბარაკების ტერიტორიაზე სპორტისა და კულტურის მრავალფუნქციური ცენტრი აშენდება. იდეის ავტორი მუნიციპალური განვითარების ფონდია.

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საკადასტრო კოდი — N66.45.07.011. მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 130 309 კვადრატული მეტრია.

საჯარო რეესტრის მიხედვით, ტერიტორიაზე ამჟამად 24 საცხოვრებელი სახლია, თუმცა ისინი საკუთრებაში არ არის. მიწის ნაკვეთი გორის მერიას ეკუთვნის. მუნიციპალურ განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლე ამ ფართობის მხოლოდ ერთ ნაწილზე აშენდება.

ადგილობრივების თქმით, გარკვეული ტიპის მშენებლობაზე ინფორმაცია სმენიათ, თუმცა დეტალები ჯერ არ იციან.

ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის ფარგლებშიც მოხდება ობიექტის პროექტირება.

დაგეგმილია:

ძიუდოს, ჭიდაობის სხვადასხვა სახეობის, კრივის, შერეული ორთაბრძოლების, ძალოსნობის, ტანვარჯიშის, ტაეკვანდოსა და სხვა სპორტების დარბაზები;

ღია საფეხბურთო და სარაგბო მოედნები ხელოვნური საფარით;

კალათბურთის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის, ფარიკაობისა და ტირის სივრცეები;

სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები. ორი საცურაო აუზი.

ასევე მოეწყობა:

მედიათეკა და ბიბლიოთეკა;

ქორეოგრაფიის, ხატვის, რეწვისა და ფოლკლორის ოთახები;

უცხო ენების შესწავლის და STEM-კლუბის (Science, Technology, Engineering, Mathematics) სივრცეები;

მრავალფუნქციური საპრეზენტაციო დარბაზი;

ადმინისტრაციული ოფისი და 1000 მაყურებელზე გათვლილი მთავარი დარბაზი.

მთლიანად კომპლექსის მშენებლობის ღირებულება დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტირების ეტაპისთვის დაახლოებით 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები