ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალი 1 მილიონამდე ლარს ითხოვს სადაზღვეო კომპანიისგან
სამხედრო ჰოსპიტალი სადაზღვევო კომპანია „ჯ.ჰ“-სგან 987 635.49 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. სადაზღვევო კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალი უკანონო გამდიდრებას ცდილობს.

საქმე სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეულ სტაციონარული მომსახურების საფასურს ეხება.

ჰოსპიტალმა გორის სასამართლოში განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულება მოემსახურა 1451 პაციენტს (სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს), თანხა კი სადაზღვევოსგან არაა ანაზღაურებული.

„ჯ.ჰ“-მ სარჩელი არ ცნო და თქვა, რომ ჰოსპიტალი ცდილობს უკანონო გამდიდრებას, რადგან სახელმწიფო უკვე ფარავს სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის ხარჯებს პირდაპირი ასიგნებებით. დამატებითი ანაზღაურება სადაზღვევოსგან იქნებოდა ორმაგი ანაზღაურება, რაც უკანონო გამდიდრებად ჩაითვლებოდა.

გარდა ამისა, სადაზღვევოს მტკიცებით, ჰოსპიტალს საერთოდ არ აქვს უფლება ამ თანხის მოთხოვნის, რადგან ხელშეკრულება დადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და თავდაცვის აკადემიასთან. ასევე სადაზღვევო ამტკიცებს, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან საქმე ეხება 2013 წელს გაწეულ მომსახურებას. საჩივარი კი 2016 წლამდე უნდა შეტანილიყოო.

სასამართლოს სხდომებზე დადგინდა, რომ 1451 პაციენტიდან 259 პაციენტის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. იყვნენ თუ არა ისინი სამხედროები ან მათი ოჯახის წევრები, ჰოსპიტალმა ამის მტკიცებულებები ვერ წარადგინა. სასამართლომ განმარტა, რომ ჰოსპიტალმა მხოლოდ იმ თანხის ანაზღაურება უნდა მიიღოს, რომელიც იდენტიფიცირებული პაციენტების მომსახურებას ეხება.

საბოლოოდ, სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას მხოლოდ 699 541.50 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლო უთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი ვერ დასტურდება, რადგან მტკიცების ტვირთი მთლიანად მოპასუხეზეა; სადაზღვევომ ვერ წარადგინა მტკიცებულება, რომ ჰოსპიტალი ბიუჯეტიდან მიღებული თანხით უკვე გამდიდრდა. ამიტომ, ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა.

დავა 2025 წლის 2 ოქტომბერს უზენაეს სასამართლოში დასრულდა. სადაზღვევო კომპანია სამხედრო ჰოსპიტალს 1 მლნ ლარის ნაცვლად თითქმის 700 000 ლარს გადაუხდის
Print

სტატიის გამოყენების პირობები