ახალი ამბები
,,რუსეთის მოქალაქეებზე არ გავასხვისებთ,, ჰპირდება არაბული სოფლის ინვესტორი კასპის მერს
„არაბული სოფლის“ ინვესტორი კასპის მერს, ვახტანგ მაისურაძეს პირდება, რომ თუ მერია სამშენებლო ნებართვას გასცემს, ინვესტორი თანამედროვე ტიპის სახლებს რუსეთის მოქალაქეებზე არ გაასხვისებს.

ამის შესახებ წერია სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ 2024 წელს მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე 300-სახლიანი სოფლის ასაშენებლად კასპის მერია ნებართვის გაცემისგან თავს იკავებს იმ მოტივით, რომ მუნიციპალიტეტს გენგეგმის მომზადება ჯერ არ აქვს დასრულებული.

„ქართლის ამბებმა“ 2024 წელს კასპის მერიას წერილობით ორჯერ მიმართა, რათა გაეგო, რა ეტაპზე იყო გენგეგმაზე მუშაობის პროცესი. მერიამ არც ერთ წერილს არ უპასუხა.

ინვესტორებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ სამშენებლო ნებართვის მისაღებად მერიას ორჯერ მიმართეს. პირველ წერილზე მერიამ მათ განუმარტა, რომ გენგეგმისთვის სჭირდებათ სოფლის განაშენიანების დეტალური პროექტი, რომლის განხილვის შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. დეტალური პროექტის წარდგენის შემდეგ, მერიამ მეორე წერილზე ინვესტორებს აღარ უპასუხა.

ინვესტორების ადვოკატი სასამართლოს არწმუნებდა, რომ მერიის დუმილი მშენებლობაზე თანხმობას ნიშნავდა. თავდაპირველად, სარჩელი გორის სასამართლოში დაკმაყოფილდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რასაც უზენაესი სასამართლო დაეთანხმა. საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით, ინვესტორი კასპის გენგეგმის მიღებას უნდა დაელოდოს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები