ახალი ამბები
დაგინებულია, რომ გაკვეთილს არ მოვყვებითო
პედაგოგმა ირმა ამბარდიშვილმა გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა დატოვა. მისი თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, "არახელსაყრელი გარემო" და "მიზანმიმართული დევნა", რომელიც გარკვეული პირების მხრიდან ხორციელდებოდა, საბოლოოდ გახდა მისი წასვლის მიზეზი. ამბარდიშვილი დისციპლინურ კომიტეტში საჩივრის შეტანას გეგმავს, რომელმაც მანამდე ერთ-ერთი მშობლის განმარტება მის წინააღმდეგ განიხილა.

მასწავლებელი სკოლის შიგნით არსებულ ვითარებას მძიმე სიტყვებით აღწერს. მისი განცხადებით, ხშირი იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეები მასწავლებლებს მიმართავდნენ შეურაცხმყოფელი ფრაზებით — "**** მკიდია", "გაა**ი", "ოეეე", "სახედარო", "ნეტა მოკვდე" და სხვ. როგორც ამბობს, ადმინისტრაცია ამ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენდა და მოსწავლეებს მხოლოდ ეკითხებოდა: "მართლა იყო ასეო?".

ამბარდიშვილის თქმით, არსებობდა ეპიზოდებიც, როცა მოსწავლეები ორგანიზებულად ცდილობდნენ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლას ე.წ. ქურდული მენტალიტეტით:
"დაგინებულია, რომ გაკვეთილს არ მოვყვებითო", რაც მისი განმარტებით, სხვა ბავშვებისთვისაც მძიმე შედეგის მომტანია, რადგან ქუჩური გარჩევების მსხვერპლი გახდებოდნენ.

ამბარდიშვილი კრიტიკულად აფასებს დისციპლინურ კომიტეტსაც, რომელსაც "დირექტორის დაქალოჩკებით დაკომპლექტებულს" უწოდებს. მისი განცხადებით, კომიტეტი ხშირად მშობლების მხარეს იჭერდა, მაშინ როცა მასწავლებლების პრობლემები უყურადღებოდ რჩებოდა.

"რაც მაკადრეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა, ამიტომ განცხადება დავწერე", — წერს ამბარდიშვილი და აცხადებს, რომ სკოლაში შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ადმინისტრაციას ეკისრება. ის დისციპლინურ კომიტეტში საჩივრის შეტანას აპირებს და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტას ელის.

პედაგოგი რამდენიმე დღეა სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე წერს, მათ შორის, იმაზეც, რომ გაბატონებულია ე.წ. ქურდული მენტალიტეტი. ადმინისტრაციას ამ დრომდე განცხადება გაუვრცელებია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები