შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების
მიხედვით, გორში საახალწლოდ დასადგმელი სიმულაციური შადრევანი
ჩინეთიდან ჩამოაქვთ. მისი ფასი 11 400 ლარია.
ჩინეთიდან ჩამოაქვთ ასევე 4 ცალი დეკორაციული ანგელოზიც, თითო
ანგელოზის ფასი 5 500 ლარია. ჯამური ღირებულება 22 ათას ლარს
შეადგენს.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით, შადრევნის სიმაღლე 5 მ
იქნება, ანგელოზის — 1.4 მ. შეძენილი იქნება ასევე სხვა
აქსესუარებიც.
გორის მერია საახალწლო აქსესუარებსს კომპანია „დანდისგან“ ყიდულობს,
რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა. წარმოდგენილი ნიმუშების მიხედვით,
საახალწლო დეკორაციები შეძენილია ჩინურ კომპანიაში „Phoebus
Lighting“.
გასული წლის დეკორაციები, რომლებიც ასევე იმავე კომპანიიდან იყო
შეძენილი, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდება. მაგალითად,
მეორადი ნათურები უკვე დაკიდეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე.
„დანდისთან“ ხელშეკრულება ქარელის მერიასაც აქვს გაფორმებული, სადაც
საახალწლო განათებების განახლება იგეგმება. ქარელის მერია კომპანიას
ჯამში 44 500 ლარს გადაუხდის.
შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ათზე მეტი
მუნიციპალიტეტი, წელს, „დანდისთან“ აფორმებს ხელშეკრულებებს. ჯამური
ღირებულება 1.3 მლნ ლარს აღწევს. კომპანია მუნიციპალიტეტებს
ძირითადად, ჩინეთიდან ჩამოტანილ საახალწლო დეკორაციებს სთავაზობს.
სტატიის გამოყენების პირობები