ახალი ამბები
გორში საბავშვო ბაღის ექთანს არ მისცეს ორ სამსახურში მუშაობის უფლება - 114 ამღზრდელს კი მისცეს
გაირკვა, რომ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შათირიშვილმა ორი სამსახურის შეთავსების უფლება საბავშვო ბაღის ექთანს არ მისცა. მისი თქმით, კანონის ამოქმედებდა მედდა ორ სამსახურში მუშაობდა.

დარჩენილი 114 თანამშრომელი, რომლებმაც ანალოგიური ნებართვა მიიღეს, უშუალოდ აღზრდის პროცესში ჩართული პედაგოგები აღმოჩნდნენ.

„ექთანი დილიდან საღამომდე იქ უნდა იყოს. რამე რომ მოხდეს, ვინ აგებს პასუხს?“ — განაცხადა შათირიშვილმა და განმარტა, რომ სწორედ პასუხისმგებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ დაეთანხმა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

რატომ მიიღეს ნებართვა აღმზრდელებმა? — სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის, ვახტანგ გიუნაშვილის, თქმით, ისინი ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ:

„ჩვენთან ნახევარ განაკვეთზე არიან დასაქმებული. მუშაობას 2 საათიდან იწყებენ, მანამდე კი სხვა ადგილზე მუშაობენ“, — აღნიშნა გიუნაშვილმა.

„ქართლის ამბები“ წერდა, რომ ჯამში 115-მა თანამშრომელმა ორი სამსახურის შეთავსებაზე თანხმობა მოითხოვა, თუმცა უარი მხოლოდ ექთნის განაცხადზე მივიდა.

1-ელი ნოემბრიდან ამოქმედებული კანონის მიხედვით, საჯარო უწყებაში დასაქმებულ პირს დამატებით სამსახურში მუშაობისთვის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სჭირდება.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ საკითხით დაინტერესდა სოფელ შინდისის წარმომადგენელი ზურაბ ყაჯრიშვილი. მის მიერ დასმულ კითხვაზე გიორგი შათირიშვილმა ინფორმაცია დაადასტურა.

შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს.

„დაბალი ხელფასების გამო ხომ არ ითხოვს ამდენი თანამშრომელი ორ სამსახურს?“ — კითხულობენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობით დაკომპლექტებულ საკრებულოში ეს კითხვა ჯერჯერობით არც ერთ წევრს დაუსვამს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები