გორის ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, იოსებ მაკრახიძემ კასპის მერს
უჩივლა.
მაკრახიძე კომპანია „იბოლიას“ ხელმძღვანელია და ითხოვს იმ ტენდერის
გაუქმებას, სადაც კასპის მერიამ გამარჯვებულად კომპანია „ელიტ ბილდერს
გრუპი“ გამოაცხადა.
ამ კომპანიამ მერიას ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზა. სწორედ ეს დაბალი
ფასი გახდა ტენდერში გამარჯვებისა და კონკურენტების ჩამოსაშორებლად
გადამწყვეტი.
მაკრახიძე საჩივარში აღნიშნავს, რომ „გამარჯვებულმა“ კომპანიამ
ასფალტობეტონის საფარის სამუშაოებში თანხა არასწორად შეაჯამა. მისი
თქმით, სატენდერო კომისიამ ეს ვერ შეამჩნია ან უგულებელყო, რის გამოც
ტენდერის შედეგი არასწორია და უნდა გაუქმდეს.
მაკრახიძის საჩივრის განხილვა დღეს უნდა მომხდარიყო. თუმცა კასპის
მერმა ვახტანგ მაისურაძემ სატენდერო კომისია ხელახლა შეკრიბა და ქვემო
ჭალის გზის ტენდერის შედეგები გააუქმებინა — არასწორად არის
დათვლილიო.
როდის გამოცხადდება ხელახლა ტენდერი ქვემო ჭალის გზის რეაბილიტაციაზე,
ამ დროისთვის უცნობია.
სტატიის გამოყენების პირობები