ახალი ამბები
სოფელ გომში ერთ-ერთი კომპანიიდან ვულკანური წიდის საფქვავი დანადგარი მოიპარეს
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ერთ-ერთი კომპანიიდან ვულკანური წიდის საფქვავი დანადგარი მოიპარეს.

კომპანიას დაახლოებით 115 000 ლარის ფინანსური ზარალი მიადგა. ვულკანური წიდისგან მიღებული სამშენებლო მასალა გამოიყენება გზების მშენებლობაში, ბლოკის წარმოებაში ან დეკორატიული მიზნებისთვის.

შსს-ს ცნობით, ძვირადღირებული სამშენებლო დანადგარის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს — წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ი.ს.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ძვირადღირებული დანადგარი ნივთმტკიცების სახით ამოიღო — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები