ახალი ამბები
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დღეს, 28 მარტს, ფლორიდაში ამერიკის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის ბო ბასეტს დაუპირისპირდება
გორი - კასპის დელეგატი „ქართული ოცნებიდან“, გორის ყოფილი მერი და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დღეს, 28 მარტს, ფლორიდაში ამერიკის ამომავალ ვარსკვლავს, 19 წლის ბო ბასეტს დაუპირისპირდება.

ღონისძიება (RAF 07) იწყება: 28 მარტს, 20:00 (ET – ამერიკის დროით); საქართველოს დროით (თბილისი): 29 მარტი, დილის 04:00

„ეს არის შესაძლებლობა ბო ბასეტისთვის, რომ მსოფლიოს დაანახოს, როგორ უმკლავდება ოლიმპიურ დონეს, და ასევე შანსი ვლადიმერ ხინჩეგაშვილისთვის, დაამტკიცოს, რომ ის არა მხოლოდ „თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეა“, არამედ კვლავაც მთავარი ფიგურაა RAF-ის მსუბუქ წონაში.“ — წერია ოფიციალურ გვერდზე.

RAF 07 ნიშნავს ღონისძიებას, რომელსაც ატარებს Real American Freestyle.

ეს არის პროფესიონალური ჭიდაობის (ფრისტაილის) შოუ/ტურნირი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან როგორც ოლიმპიური და მსოფლიო დონის მოჭიდავეები, ისე ახალი თაობის ვარსკვლავები. „07“ ამ შოუს მეშვიდე ღონისძიებაა.

როგორც RAF-ის წესების განმარტებაში წერია, ამ ფორმატის მიზანია ჭიდაობის უფრო სანახაობრივად და ფართო აუდიტორიისთვის მიმზიდველად გადაქცევა.

ოფიციალურ გვერდზე დაინტერესებული პირებისთვის განმარტებულია:

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი — ოლიმპიური ჩემპიონი, მრავალგზის მსოფლიო პრიზიორი და ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური და გამოცდილი მოჭიდავე. გამოირჩევა ძლიერი „დაბლ-ლეგით“ (ილეთი, როცა მოჭიდავე ერთდროულად ორივე ფეხზე უტევს მოწინააღმდეგეს), ჭიდაობის კონტროლით და უნარით, გადამწყვეტ მომენტში მაქსიმუმის მიღწევით.

ბო ბასეტი — ამერიკის ამომავალი სუპერვარსკვლავი, რომელიც უკვე ითვლება სპორტის მომავალ სახედ. ცნობილია უმაღლესი ტემპით, აგრესიული სტილით და შეტევების სერიებით, რასაც იშვიათად ვინმე უძლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები