გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშენებული მგზავრთა მოსაცდელები დღეს
უკვე თავშესაფრად ან გასართობ სივრცედ უფრო გამოიყენება, ვიდრე
რეალური დანიშნულებით.
მაგალითად, სოფელ სვენეთში ამბობენ, რომ დასახლებაში არც მუნიციპალური
ავტობუსი დადის და არც კერძო მიკროავტობუსი. შესაბამისად,
მოსახლეობისთვის მოსაცდელები პრაქტიკულად უსარგებლოა.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში კი ის ადამიანები არიან, ვინც გორში
მუშაობს, მაგრამ სოფლებში ცხოვრობს:
„ქიწნისის, სათემოს, ქვეშისა და არცევის მიმართულებით ტრანსპორტი
გორიდან 17:30-ის შემდეგ აღარ გადის — როგორ უნდა ვიმუშაოთ
ხალხმა?“
„ვისაც ეს გეხებათ, არ გაინტერესებთ? ზამთარ-ზაფხულ ასე ვიტანჯებით.
რა გახდა, ერთი მარშრუტი მაინც დაამატოთ ან დრო შეცვალოთ?! 2026 წელია
და არა 1993!“ — წერს მოქალაქე, რომელიც სამუშაოს 18:00 საათზე
ამთავრებს, თუმცა სახლში დაბრუნებას ვეღარ ახერხებს.
მიუხედავად ამისა, გორის მერიის ტრანსპორტის განყოფილების ანგარიშში
წერია, რომ მუნიციპალიტეტის სოფლებში მგზავრთა გადაყვანას 3 კერძო
კომპანია ემსახურება და მერია მათთან „აქტიურად თანამშრომლობს“.
თუმცა, რა შედეგს იძლევა ეს თანამშრომლობა — მოსახლეობისთვის
გაურკვეველია.
სოფლის კრებებზე მერიის წარმომადგენლები პასუხისმგებლობას კერძო
კომპანიებზე გადააქვთ და აცხადებენ, რომ მათ საქმიანობაში ვერ
ჩაერევიან.
რეალურად კი, კანონის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზება
და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სწორედ ადგილობრივი
თვითმმართველობის ვალდებულებაა.
სტატიის გამოყენების პირობები