გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შედგენილი ერთ-ერთი წერილის
მიხედვით, 2026 წლის მარტის დასაწყისში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის
წინაშე იდგა.
დოკუმენტის თანახმად, ე.წ. „ლურჯი ავტობუსების“ საბურავები ქალაქის
რთულ გზებს ვეღარ უძლებდა და სწრაფად ზიანდებოდა. ამავე დროს, ახალი
საბურავების მიწოდება შეფერხდა — კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ საჭირო
რაოდენობა დროულად ვერ უზრუნველყო.
კერძოდ, 2026 წლის 12 თებერვალს, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში,
კომპანიას 68 საბურავი უნდა მიეწოდებინა, თუმცა მარაგში მათი
არარსებობის გამო, მიწოდებას მინიმუმ 3 თვე სჭირდებოდა, რადგან
პროდუქცია საზღვარგარეთიდან უნდა ჩამოსულიყო.
ტრანსპორტის სააგენტო წერილში აღნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობის
გაგრძელების შემთხვევაში, ავტობუსების ნაწილი შესაძლოა გაჩერებულიყო,
რაც ქალაქში გადაადგილების სერიოზულ პრობლემებს შექმნიდა.
ამ ვითარების გამო, სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
მიმართა თხოვნით, მიეცათ ნებართვა ტენდერის გარეშე შეეძინათ 68
საბურავი იმ კომპანიისგან, რომელსაც შესაბამისი მარაგი უკვე
გააჩნდა.
ასეთი კომპანია აღმოჩნდა „აზია სერვისი“, რომელმაც 20 მარტისთვის
სააგენტოს საბურავები უკვე მიაწოდა. ერთეულის ფასი 250-დან 350
ლარამდე მერყეობდა.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ განსაკუთრებით დეფიციტური იყო საჭის
მხარეს განკუთვნილი საბურავები.
აღსანიშნავია, რომ წერილში დაკონკრეტებული არ არის, რას გულისხმობს
მერიის ტრანსპორტის სააგენტო „რთულ გზებში“.
სტატიის გამოყენების პირობები