ახალი ამბები
დოესში ბაღის დირექტორს არ აცნობეს, რომ წყალი დაბინძურებული იყო
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საბავშვო ბაღის დირექტორი, სოფო როინიშვილი აცხადებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული წყლის კვლევის შედეგები მისთვის ოფიციალურად არავის უცნობებია.

საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს. სააგენტოს 2025 წლის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, ონკანის წყალში კოლიფორმული ბაქტერიები დაფიქსირდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს (ოქმი № 2B3A4044FF7B8, ლუქი 009772-73).

როგორც ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, აღნიშნული დასკვნის შესახებ მან ინფორმაცია მედიასაშუალება „ქართლის ამბებიდან“ შეიტყო.

„ეს დასკვნა ჩემამდე არ მოსულა,“ – ამბობს სოფო როინიშვილი.

მისივე განმარტებით, საბავშვო ბაღი მარაგდება სოფლის წყლით, რომელიც ავზში გროვდება და გამოიყენება მხოლოდ ტექნიკური საჭიროებისთვის.

„ამ წყალს ვიყენებთ სარეცხისთვის და საპირფარეშოსთვის. სასმელად არ ვიყენებთ – ბავშვებს წყალი სახლიდან მოაქვთ,“ – აცხადებს დირექტორი.

საბავშვო ბაღში, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 100 ბავშვი დადის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები