სპეციალისტების ცნობით, ერთაწმინდის ტაძრის ფრესკები მძიმე
მდგომარეობაშია.
,,მიმდინარე პერიოდში ინტერიერში, ფრესკებზე შეინიშნება
ინტენსიური გამომარილება. კედლებსაა მოცილებული ფერწერის ფენა.
მხატვრობის ძირითადი ნაწილი ამჟამად დაფარულია ზედაპირული მტვრისა და
ჭუჭყის ნადებით.''
,,იქ, სადაც აღინიშნება მხატვრობის ძლიერ დაზიანებული
არეები, მრავლად ვხვდებით ფერწერული ფენის დეგრადაციას, აქერცვლასა და
გაფხვიერებას. მხატვრობა დაფარულია ფრინველთა და მწერთა
ექსკრემენტებით.'' - აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც კულტურული
მემკვიდრეობის სააგენტოს წარუდგინეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აღნიშნავენ,
რომ არსებული რთული ვითარების გამოსწორების მიზნით, დაგეგმილია კედლის
მხატვრობის კონსერვაცია.
ერთაწმინდა კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. წმინდა
ევსტათეს სახელობის ეკლესია XIII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება.
ფრესკული წარწერის საფუძველზე ირკვევა, რომ ტაძარი 1654 წელს
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამას, მელეტიოსს, მოუხატავს. ტაძრის
ქტიტორი კი გიორგი სააკაძის ვაჟი იორამ სააკაძე ყოფილა. წარწერაში
მოხსენიებულია მეფე როსტომი და დედოფალი მარიამი.
ერთაწმინდის ეკლესიის მოხატულობამ შემოგვინახა წმ. ევსტათე
პლაკიდას ცხოვრების ციკლი, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში ანალოგი არ
გააჩნია.
პლაკიდას ცხოვრების
ციკლი ასეთია: პლაკიდა რომის იმპერიის მხედართმთავარი იყო. გადმოცემის
მიხედვით, ნადირობის დროს ირემის რქებს შორის ჯვარი იხილა და ღვთის
ხმა მოესმა, რის შემდეგაც ქრისტიანობა მიიღო. ნათლობის შემდეგ ევსტათე
ეწოდა.
დაკარგა ქონება,
ოჯახი და მრავალი ტანჯვა გადაიტანა, მოგვიანებით ოჯახს დაუბრუნდა,
მაგრამ საბოლოოდ იმპერატორ ადრიანემ ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა.
უარის თქმის გამო, პლაკიდა (ევსტატე), მეუღლესა და შვილებთან ერთად,
აწამეს.
სტატიის გამოყენების პირობები