ახალი ამბები
ავტოსადგურებს შორის სერტიფიცირების გავლა მხოლოდ ხაშურის ავტოსადგურმა შეძლო
შიდა ქართლის რეგიონში მოქმედ ავტოსადგურებს შორის სერტიფიცირების გავლა მხოლოდ ხაშურის ავტოსადგურმა შეძლო.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს" ხაშურის ავტოსადგურის დირექტორმა ალიკა ბლიაძემ განუცხადა.

მისი ცნობით, სერტიფიცირების გავლა ვერ მოახერხეს შიდა ქართლის სხვა მუნიციპალიტეტების გორის, კასპისა და ქარელის ავტოსადგურებმა.

,,ჩვენმა ავტისადგურმა შესაბამისი პირობები დააკმაყოფილა. ის ავტოსადგურები, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს პირობები, სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს. მიეცათ გონივრული ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად. კონკრეტული ვადა არაა დასახელებული. თუ ამ პირობებს არ გამოასწორებენ, ამაზე 5000 ლარი ჯარიმაა გათვალისწინებული როგორც ავტოსადგურზე, ასევე იმ მიკროავტიბუსზე, რომელიც ამ ავტოსადგურიდან გავა" - აღნიშნავს ალიკა ბლიაძე.

სერტიფიცირების მისაღებად ავტოსადგურებს რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნის დაკმაყოფილება სჭირდებოდათ, მათ შორის:
• გამართული საბილეთო სალარო;
• არანაკლებ 15 კვ.მ დახურული მოსაცდელი სივრცე, მინიმუმ 5 საჯდომი ადგილით;
• ბაქანი;
• რეისებს შორის ავტობუსების სადგომი;
• ავტოსადგურის ტერიტორიაზე მოწყობილი საპირფარეშო.
სერტიფიცირების პროცესი მიზნად ისახავს ავტოსადგურებში მგზავრთა მომსახურების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები