ახალი ამბები
ქვიშა-ხრეშის უკანონო გატანა სოფელ ოსიაურში

ხაშურელი ადვოკატი ირინა ფერაძე ყოველდღიურად სოფელ ოსიაურში ქვიშა-ხრეშის საწარმოს ყარაულობს. პერიოდულად საწარმოში კომპანია ,,ბილტმორის'' სატვირთო ავტომანქანები მოდიან და ცდილობენ ქვიშა-ხრეშის წაღებას.

17 მაისსაც ირინა ფერაძე ,,ბილტმორის'' მანქანებს წინ გადაუდგა, გამოიძახა პოლიცია, თუმცა, როგორც პირდაპირ ჩართვებში აცხადებდა, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და იძალადეს.

,,ბილტმორი'' სახელმწიფო უწყებების მთავარი კონტრაქტორია და შიდა ქართლში ძირითადად საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

ირინა ფერაძე ამბობს, რომ ტერიტორია კილაბერიძეების საკუთრებაა, ხოლო ,,ბილტმორი'' უნებართვოდ შედის სხვის ტერიტორიაზე და წიაღისეულს იპარავს. ქურდობის ფაქტზე კი 3 თვეა ხაშურის პოლიციას რეაგირება არა აქვს.

,,მოდის ბილტმორის წარმომადგენელი, მაყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეუარცხყოფას. ვიძახებ პოლიციას, მაგრამ აქეთ ეხმარებიან მოპარვაში. პოლიციის საქმეს მე ვაკეთებ, ვიცავ ქონებას ქურდობისგან,'' - აცხადებს ირინა ფერაძე.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ,,ბილტმორი'' საკრებულოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარის, ლევან გამრეკელის დავალებით მოქმედებს. ლევან გამრეკელი ამჟამად პატიმრობაშია სახელმწიფო ქონების მიტაცების ფაქტზე.

,,ბილტმორსა და ლევან გამრეკელს შორის შედგა ყალბი ხელშეკრულება, სადაც ჩაწერეს, რომ თითქოს ლევან გამრეკელმა წიაღისეულის მოპოვების უფლება ბილტმორს მისცა. სხვისი ქონების გაქირავების უფლება არც ლევან გამრეკელს ჰქონდა. მოვითხოვ სახელმწიფომ დაიცვას კილაბერიძეების უფლებები. ქონება დაყადაღებულია და იქიდან რაიმე მასალის წაღების უფლება არავის აქვს.'' - აცხადებს ირინა ფერაძე.

რა აკავშირება წიაღისეულ საწარმოში გამრეკელს? როგორც ადვოკატი განმარტავს ისტორია ასეთია:

ლიცენზია გურამ კილაბერიძემ მოიპოვა. მას საკრებულოს ყოფილმა ვიცე-თავმჯდომარემ, ლევან გამრეკელმა საწარმოს მიქირავება შესთავაზა. გურამ კილაბერიძე 2022 წელს გარდაიცვალა. ვიდრე მემკვიდრეზე გადავიდოდა ქონება, ლევან გამრეკელმა თვითნებურად დაიწყო წიაღისეულის მოპოვება. ამის გამო დააჯარიმეს არა თუ ლევან გამრეკელი, არამედ კილაბერიძეები. გამრეკელის ჯარიმა კილაბერიძეებმა გადაიხადეს. შემდეგ ლევან გამრეკელი დაიჭირეს. ლევან გამრეკელმა გააფორმა რაღაც ხელშეკრულება ,,ბილტმორთან'', რომლითაც თითქოს ,,ბილტმორს'' მიეცა უფლება ქვიშა-ხრეშის მოპოვებისა. არანაირი უფლება არ ჰქონდა ლევან გამრეკელს სხვისი ქონება გაექირავებინა. ლევან გამრეკელისთვის არავის მიუცია ამის უფლება. ეს დავა სასამართლოში მიმდინარეობს. მოვითხოვე ქონების დაყადაღება, დააყადაღეს, მაგრამ ამ დაყადაღებულ ქონებაში მაინც შემოდიან და გააქვთ წიაღისეული,'' - განმარტავს ადვოკატი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 360-ე მუხლით (თვითნებობა) მიმდინარეობს. ირინა ფერაძე აცხადებს, რომ ადგილი აქვს არა თუ თვითნებობას, არამედ ქურდობას როგორც კერძო პირის, ასევე სახელმწიფო ქონების:

,,ერთია, რომ ბილტმორი აზარალებს კერძო პირს, მეორე - აზარალებს სახელმწიფოს, რადგან გადასახადს არ იხდის. ამაში ხელს უწყობენ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე'' - აღნიშნავს ირინა ფერაძე.

,,ბილტმორის'' წარმომადგენელი პოლიციელებთან საუბარში აცხადებს, რომ მას ქვიშა-ხრეშის წაღების სრული უფლება აქვს. ის აქეთ პოლიციელებს ადანაშაულებს უმოქმედობაში.

სოფელ გომის შს განყოფილების უფროსი ერთ-ერთ ვიდეოში აცხადებს, რომ ,,მოქალაქეებს ხელი ეშლებათ მუშაობაში''. მოქალაქეებში იგი ,,ბილტმორის'' მანქანების მძღოლებს გულისხმობდა. ვიდეოში ჩანს, რომ იგი ცდილობს ირინა ფერაძეს გზა გაახსნევინოს და ,,ბილტმორის'' უფლებები დაიცვას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები