გორის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო. სამსახურის
ხელმძღვანელები მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ გუშინ
გააფრთხილეს.
აღნიშნულ უწყებაში საკადრო რეორგანიზაცია ყოფილმა მერმა
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ორჯერ განახორციელა. პირველად 2022 წლის
ივნისში, მეორედ კი 2024 წლის დეკემბერსა და 2025 წლის
იანვარში.
რაც შეეხება 2026 წლის რეორგანიზაციას, როგორც ,,ქართლის
ამბებს" აცნობეს, სამსახურის ხელმძღვანელებს დაევალათ თანამშრომლების
გაფრთხილებაც. საკადრო ცვლილებების შესახებ განყოფილებების
ხელმძღვანელები და მათი თანამშრომლები მალევე ჩააყენეს საქმის
კურსში.
,,პირველი თვე მოსამაზადებელი პერიოდი იქნება, ხოლო მეორე
თვეში პროცესი დასრულდება", - დაგვიდასტურეს მერიის ერთ-ერთ
განყოფილებაში.
რა ბედი ეწევათ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მერობის პერიოდში
დაკომპლექტებულ კადრებს, ორი თვის მანძილზე გახდება
ცნობილი.
2022 და 2024 წლებში განხორციელებული რეორგანიზაციის დროს
რამდენიმე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. სასამართლო დავები დღემდე
მიმდინარეობს [ნ. მელანაშვილი და ი.გოგიაშვილი მერიის წინააღმდეგ].
ხინჩეგაშვილის დროს გაუქმდა ერთ-ერთი სფერო - საერთაშორისო
ურთიერთობების განყოფილება.
სტატიის გამოყენების პირობები