გორის მერიის მიერ ავტობუსის მძღოლებისთვის აშენებული ე.წ.
„ინოვაციური ჰაბი“ დასრულებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც უფუნქციოდ
რჩება. სივრცე ვერ მოერგო ქალაქის საკანალიზაციო
სისტემას.
,,ინოვაციური პროექტის'' მოწყობაზე მერიამ ტენდერი 2024
წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2025 წელს დასრულდა. პროექტისთვის
მერიის ბიუჯეტიდან 134 000 ლარი დაიხარჯა.
როგორც მაშინ ითქვა, ჰაბი ავტობუსის მძღოლებისთვის
მოსასვენებელი სივრცე უნდა ყოფილიყო. თავდაპირველად მისი მოწყობა
სტადიონის მიმდებარედ იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ლოკაცია
შეიცვალა.
ტრანსპორტის სააგენტოს იმდროინდელი განმარტებით, მძღოლებს
შესვენების დროს ავტობუსში უწევდათ დარჩენა, კერძოდ იუსტიციის სახლთან
ან სტადიონთან დაახლოებით ერთი საათით ჩერდებოდნენ და ელემენტარული
პირობებით ვერ სარგებლობდნენ.
ახლა ირკვევა, რომ ახალ ლოკაციაზე პრობლემად საკანალიზაციო
სისტემის მოწყობა იქცა. ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ
ტერიტორიის დონეთა სხვაობამ საკანალიზაციო სისტემის სამუშაოები
შეაფერხა.
„წყლისა და კანალიზაციის პრობლემა შეიქმნა. ჩასატარებელია
გარკვეული სამუშაოები. დონეთა სხვაობამ გამოიწვია საკანალიზაციო
სისტემის მოწყობის სამუშაოების შეფერხება. ჩვენ წინააღმდეგი ვართ, რომ
საკანალიზაციო სისტემა მდინარე ლიახვზე დაერთებულიყო. მიმდინარეობს
სამუშაოები და პრობლემა მალე მოგვარდება“ — აცხადებენ
სააგენტოში.
სტატიის გამოყენების პირობები