ცნობილი ხდება, რომ ხაშურში წყალარინების პროექტზე
მომუშავე თანამშრომლებს ხელფასები გაფიცვის შემდეგ
ჩაერიცხათ.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევა უკვე
მეორედ მოხდა, თუმცა რატომ იქმნება ხელფასების გაცემის პრობლემა — ამ
დრომდე გაურკვეველია. პროცესს დასაქმებულები გაუმჭვირვალეს
უწოდებენ.
ხაშურში 100-ზე მეტი ქუჩა კვლავ ელოდება წყალარინების
სამუშაოების დასრულებას. ხაშურის მერიის განცხადებით, გზების
მოასფალტება სწორედ საკანალიზაციო სისტემების მოწყობის დასრულების
შემდეგ იგეგმება.
პროექტის საერთო ღირებულება, ყოფილი მერის, თენგო
ჩიტიაშვილი განცხადებით, დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების
ჯამია.
ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის
მოწყობის სამუშაოები 2021-2022 წლებში დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ კი
ცნობილი ხდება, რომ პროექტისთვის თანხები აღარ ჰყოფნით,
თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემა პრობლემურია, ხოლო მთავრობას
დამატებით 18 მილიონი ლარის გამოყოფა დასჭირდა ცენტრალური ქუჩების
მოასფალტებლად.
აღნიშნული 18 მილიონი ლარით ცენტრალური ქუჩების
რეაბილიტაცია და მოასფალტება უნდა განხორციელდეს, რადგან მიიჩნევა,
რომ ამ მონაკვეთებზე საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი უკვე
დასრულებულია.
თუმცა, როგორც ხაშურის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი წერდა,
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელზე დასაერთებელი
რამდენიმე აბონენტი გამორჩათ, რის გამოც მოასფალტების სამუშაოები
დროებით შეჩერებული იყო.
სტატიის გამოყენების პირობები