გორის ბაზარში ,,XXI საუკუნე" მანქანით შესვლის საფასური 1-დან 5
ლარამდე გაიზარდა. მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის
მერიას მიმართავს.
,,მივმართავთ გორის მუნიციპალიტეტის მერიას. გვსურს,
გამოვხატოთ უკმაყოფილება გორის 21-ე ბაზრის ადმინისტრაციის მიერ
მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის საფუძველზეც ბაზრის
ტერიტორიაზე ავტომანქანით შესვლისა და გამოსვლის საფასური
მყიდველებისთვის 1 ლარიდან 5 ლარამდე გაიზარდა.
აღნიშნული ზრდა მოსახლეობისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს
და მისი დასაბუთება საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი. ამასთან,
ბაზრის ტერიტორიაზე ხშირია უწესრიგობა, ავტომანქანების გადაადგილება
არ არის სათანადოდ ორგანიზებული, რის გამოც იქმნება საცობები და
უსაფრთხოების პრობლემები.
ასევე, სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს ანტისანიტარიული
მდგომარეობა, რაც უარყოფითად აისახება როგორც მოვაჭრეებზე, ისე
მომხმარებლებზე.
ვთხოვთ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, შეისწავლოს
აღნიშნული საკითხები, შეაფასოს საფასურის ზრდის კანონიერება და
მიზანშეწონილობა, ასევე მიიღოს შესაბამისი ზომები ბაზრის ტერიტორიაზე
წესრიგის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული პირობების
გასაუმჯობესებლად."- აღნიშნულია მოქალაქეების
განცხადებაში.
სტატიის გამოყენების პირობები