ახალი ამბები
მოწამვლის შემთხვევების მაღალი რიცხვი ქარელში
ქარელის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში, ქარელის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიღების შედეგად მოწამვლის 601 შემთხვევა დაფიქსირდა.

საკვებისმიერი მოწამვლის ფაქტებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ირინე ფარეხელაშვილმა, საკრებულოს სხდომაზე ერთი წლის ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები ნაყიდ პრიდუქტებს უკავშირდება. მაგალითად, შებოლილი ლორით ერთი ადამიანი, ხოლო სოკოთი სამი მამაკაცი მოიწამლა.
ფარეხელაშვილმა განაცხადა, რომ „ქარელის კლინიკას“ 45 წლის მამაკაცმა მიმართა. პაციენტს ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა, რის გამოც იგი თბილისში, ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.

ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტმა მიირთვა შებოლილი ლორი, რომელიც ქარელში მდებარე მაღაზიაში შეიძინა. შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გადაეგზავნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

მოკვლევამ დაადგინა, რომ ხორცი შეძენილი იყო ქარელის 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში. შემოწმების შედეგად აღნიშნულ ობიექტზე კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პროდუქცია მაღაზიაში ხაშურიდან მოქმედ ბიზნესოპერატორს ჰქონდა შეტანილი.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შემოწმდა შებოლილი ლორის მწარმოებელი საწარმო ხაშურში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. შედეგად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

რაც შეეხება სოკოს, ნოემბერში სოკოთი მოწამვლის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ეპიდემიოლოგიური მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაზარალებულები 31, 65 და 90 წლის ასაკის პირები იყვნენ სოფელ ცერონისიდან. მათ სოკო საჩხერის ტყეში დაკრიფეს. საკვების მიღებიდან დაახლოებით ორ საათში მათ მოწამვლის სიმპტომები განუვითარდათ. ინტოქსიკაცია საშუალო სიმძიმის იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები