ახალი ამბები
,,ბილტმორს" აეკრძალა ქვიშა-ხრეშის უნებართვოდ გატანა
ხაშურის სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატ ირინა ფერაძის განცხადება. მოსამართლე ხატია ბერიკაშვილის განჩინებით, შპს „ბილტმორს“ აეკრძალა სხვის საკუთრებაში არსებული კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა და მისი გასხვისება. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 7 მაისს გამოცხადდა, ხოლო დასაბუთებული განჩინება ადვოკატმა 7 ივნისს ჩაიბარა.

ირინა ფერაძე ინდმეწარმე ნიკოლოზ კილაბერიძის ინტერესებს იცავს. განჩინების მიხედვით, კარიერის ლიცენზია კილაბერიძეებმა 2023 წელს მოიპოვეს, თუმცა ადვოკატის მიერ გადაღებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ აღნიშნული კარიერიდან ქვიშა-ხრეში სისტემატურად გაჰქონდა შპს „ბილტმორს“.

ფერაძე არაერთხელ ცდილობდა პროცესის შეჩერებას და პოლიციას მიმართავდა, თუმცა სამართალდამცველები შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ადვოკატი სატვირთო ავტომობილებს წინ გადაუდგა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა სამუშაოები არ შეაჩერეს, რის შედეგადაც საფრთხე შეექმნა ადვოკატის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

შპს „ბილტმორი“ შიდა ქართლში, მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში, არაერთი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის შემსრულებელია. გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, კომპანიის წარმომადგენლებს კილაბერიძეების კარიერიდან ქვიშა-ხრეში შესაბამისი ნებართვის გარეშე გაჰქონდათ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითნებობის მუხლით დაიწყო.

ვიდეოჩანაწერებში კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული კარიერიდან მასალის გატანას ვერ შეძლებს, ტენდერით ნაკისრ ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და დამკვეთი, ხაშურის მერია დააჯარიმებს.

სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია წიაღისეულის გატანის პროცესის შეჩერება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გართულდეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულება.

ამასთან, წიაღისეულის მოპოვების უფლებასთან დაკავშირებით მხარეებს ცალკე სამართლებრივი დავაც აქვთ. განჩინების თანახმად, თუ საბოლოო გადაწყვეტილება კილაბერიძეების საწინააღმდეგოდ იქნება მიღებული, ზიანის ანაზღაურება შესაძლოა მათ დაეკისროთ.

ირინა ფერაძის განცხადებით კი, სასამართლოში საბოლოო გამარჯვების მოლოდინი აქვს:

„წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვება გველის. სამართლიანობა და სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს“, — აცხადებს ირინა ფერაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები