ქარელის საბავშვო ბაღებში შეტანილი ხორცი უხარისხო
აღმოჩნდა. ამის გამო, საბავშვო ბაღებში ხორცის შეტანა შეწყდა.
სასწავლო პროცესი კი 15 ივლისამდე გრძელდება.
როგორც ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, შპს ,,ქართული
ხორც-პროდუქტების ფერმის'' დირექტორმა ბესიკ კახიძემ ,,ქართლის
ამბებს'' უთხრა, ხორცის მიწოდების კუთხით კომპანიას გამოცდილება არ
ჰქონდა, შესაბამისად აღმოჩდნენ მძიმე სიტუაციაში:
,,ჩვენმა კომპანიამ ისე გაიმარჯვა ტენდერში, გამოცდილება
არ გვქონდა. გამოცდილება ჰქონდა ჩემს მეწილეს, რომელსაც მანამდე სხვა
კომპანია ჰქონდა და იმით ახორციელებდა ხორცის
მიწოდებას''
,,ახლა მას ტელეფონი გამორთული აქვს და ვერც კი
ვუკავშირდება. დიდ შარში გამხვია. უნდა გამიგოთ თქვენც. წარმოიდგინეთ
კარგი ხორცი 28 ლარი ღირს. თანაც ბავშვებს რბილი ხორცი უნდა მიუტანო.
როგორც ჩანს, ჩემი მეწილე იაფად ყიდულობდა სადღაც მაგარ ხორცს და ის
მიჰქონდა''
,,ტენდერში გამარჯვების დროს გამოცდილება არ იყო
მითითებული, ისე გავიმარჯვეთ. მე ჩემს მეწილის გამოცდილებას ვენდე,
მაგრამ რა მოხდა ზუსტად და როგორ მოხდა, დეტალებს ვერ ვიგებ. ვერ
ვუკავშირდები. მე ბათუმში ვარ და ის მუშაობდა მანდ.''
,,დამიკავშირდნენ ქარელის საბავშვო ბაღებიდან და მითხრეს,
ხორცი არ ვარგაო და ხელშეკრულება უნდა შევწყვიტოთო. ალბათ, ჯარიმებსაც
დამაკისრებენ. როგორც ასეთი ვინმე მოწამლულიყო ამ ხორცით ან მსგავსი
არ მომხდარა, ამას როგორ დავუშვებდით. უბრალოდ, საბავშვო ბაღში უნდა
იყოს შეტანილი რბილი ხორცი'' - გვითხრა ბესიკ კახიძემ, კომპანიის
დირექტორმა.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის
მიხედვით, საბავშვო ბაღების გაერთიანებამ კომპანიასთან ხელშეკრულება
2025 წლის დეკემბერში გააფორმა. ღირებულება ჯამში 173 000 ლარი.
დღევანდელი მდგომარეობით, კომპანიას ბაღებისთვის მიწოდებული აქვს 76
673 ლარის ღირებულების ხორცი.
ქარელის მერია ახალ კომპანიას ეძებს.
სტატიის გამოყენების პირობები