ახალი ამბები
,,ბილტმორის" 8 მილიონიანი ხელშეკრულება
კომპანია „ბილტმორი“ 8-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად გამოცხადდა. 15 ივნისს კომპანიის ხელმძღვანელი საგზაო დეპარტამენტში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.

საგზაო დეპარტამენტის კომისიის ცნობით, კომპანიის მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დარიცხული აქვს თანხა 717 000 ლარის ოდენობით, რომელიც ამ ეტაპზე არაღიარებულ ვალს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული გარემოება კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძველი არ გახდა. ტენდერი ვარიანი–ბრეთი–ქარელის დამაკავშირებელი გზის 12-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ეხება.

ჯერ უცნობია, როგორ შეძლებს „ბილტმორი“ სამუშაოების შესრულებას. კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ოვაკიმიანი გასულ თვეს ხაშურის პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ მისი საქმიანობა ხაშურის სოფელ ოსიაურში მდებარე ქვიშა-ხრეშის კარიერზე იყო დამოკიდებული.

კარიერი კი კილაბერიძეების საკუთრებაა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე „ბილტმორს“ მასალის გატანა აუკრძალეს.

მიუხედავად აკრძალვისა, კილაბერიძეების ადვოკატის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა მაინც მიმდინარეობდა.

დაპირისპირება საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. 14 ივნისს მოკლეს „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი: მენეჯერი და თანამშრომელი.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულები არიან კილაბერიძეები. მათი ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ კლიენტების ინტერესების დაცვას გააგრძელებს. მისივე თქმით, ამ ბრძოლის გამო, რომელიც ქონების დაცვისკენაა მიმართული, საფრთხე ელის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები