ახალი ამბები
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში, ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით დაიტბორა.

დაზარალებული აცხადებს, რომ წარსულში აღნიშნულ ქუჩაზე ძლიერი ნალექის დროს მოქალაქრებს მხოლოდ ფეხი უსველდებოდათ, თუმცა ბოლო შემთხვევის დროს მანქანა მთლიანად წყლით გაივსო, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.

დაზარალებულმა დახმარებისთვის 112-ს მიმართა. მისი თქმით, ადგილზე გამოცხადდნენ სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. მოგვიანებით ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურებსაც გადაეცათ და ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც მივიდნენ.

მოქალაქის განცხადებით, მიუხედავად ადგილზე მისული უწყებების წარმომადგენლებისა, პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა არ შეუთავაზებიათ. მისივე თქმით, მიიღეს მხოლოდ რეკომენდაციები, რომ ავტომობილის შესაკეთებლად ან ხელოსნებისთვის მიემართა, ან დაეზღვია ავტომობილი ან მომავალში მანქანა უფრო მაღალ ადგილზე გაეჩერებინა.

„ადრე მხოლოდ ფეხები გვესველებოდა წვიმის დროს, ახლა კი ავტომობილი მთლიანად წყლით გაივსო. ამ პრობლემაზე წლებია ვსაუბრობთ, თუმცა რეალური შედეგი არ ჩანს. საბოლოოდ მოქალაქეს ეუბნებიან, რომ საკუთარი ძალებით მოაგვაროს ყველაფერი“, – აცხადებს დაზარალებული.

მისი თქმით, დატბორვის შედეგად ავტომობილს სერიოზული ზიანი მიადგა, რაც სავარაუდოდ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, ავტომანქანა გაყიდვაზე ჰყავდა გამოტანილი და მომხდარი ფაქტის გამო მისი რეალიზაციაც გართულდება.

მოქალაქე შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ითხოვს, ვინ არის პასუხისმგებელი კომბინატის დასახლებაში არსებული სანიაღვრე და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე და რა ნაბიჯები გადაიდგმება იმისთვის, რომ ძლიერი წვიმის დროს მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები