ახალი ამბები
რა ხდება მზოვრეთის ციხე-მონასტერში?
მოქალაქეთა ნაწილი ჩივის, რომ მანქანით ვერ ადიან, რიგში დგომა უწევთ და ტერიტორიის სწრაფად დატოვებას სთხოვენ.
ვიზიტორთა ნაწილი აცხადებს, რომ რადგანაც საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შესაძლებლობა არ ეძლევათ, ადგილზე მომუშავე ტაქსებით სარგებლობა უწევთ, რომლის ღირებულება ხშირად 15 ლარს აღწევს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას მზოვრეთის მამათა მონასტერი ავრცელებს. მონასტერში განმარტავენ, რომ მათ არავითარი კავშირი არ აქვთ იმ პირებთან, რომლებიც მომლოცველებს საფასურის სანაცვლოდ მონასტერში აყვანას სთავაზობენ, ხოლო რიგებისა და ვიზიტის ხანგრძლივობის შეზღუდვას მცირე სივრცითა და მომლოცველთა სიმრავლით ხსნიან.

განცხადების მიხედვით, ხშირია კონფლიქტები ციხე-მონასტერში მცხოვრებ სასულიერო პირებსა და ვიზიტორებს შორის, რაც სიტყვიერი დაპირისპირებით და შემდეგ ციხე-მონასტრიდან გაძევებით მთავრდება.

„ვწუხვართ, რომ მომლოცველთა დიდი უმრავლესობისათვის მონასტერში ქცევის ელემენტარული წესების შეხსენება გვიწევს; ვფიქრობთ, მართლმადიდებლურ ქვეყანაში არ უნდა გვიწევდეს მომლოცველებისთვის იმის ახსნა, რომ მთვრალები არ უნდა მოვიდნენ, რომ ქალბატონებმა თავშლები უნდა დაიფარონ, რომ არ იხმაურონ, რომ მონასტრის წევრებს შეურაცხყოფა არ მიაყენონ…

ვწუხვართ იმაზე, რომ მომსვლელთა უმრავლესობა მონასტერს აღიქვამს როგორც ტურისტულ ზონას, როგორც ლამაზი სურათის გადასაღებ ადგილს და არა როგორც ღვთის სახლს და როგორც სიწმინდეს…

მონასტერი შენდობას სთხოვს ყველა იმ მომლოცველს, რომელსაც დიდი ხანი უწევს რიგში დგომა მონასტრის მოსალიცად, და რომელსაც შიგნით შესულს, მალევე სთხოვენ იქაურობის დატოვებას - და გთხოვთ რომ გაგვიგოთ - მონასტრის შიდა სივრცე პატარაა, მომლოცველები კი ბევრნი, ამიტომაც იძულებულნი ვართ ასე მოვიქცეთ;

შენდობას გთხოვთ იმისთვისაც, რომ ხშირად და მკაცრად მოგიწოდებთ წესრიგისაკენ - სხვაგვარად მონასტერი ვერ შეძლებს არსებობას;

,,შენდობას გთხოვთ იმისთვისაც, თუ რამდენიმე ათას ადამიანთან ურთიერთობით დაღლილებს, რამე შეგვეშალა - არ გვაქვს ილუზია რომ წმინდანებივართ, მაგრამ გვერწმუნეთ, ნამდვილად ვშრომობთ და ვიღვწვით იმისათვის, რომ განვიწმინდოთ და ღმერთს სათნო ვეყოთ; გაგვიხარდება , თუ ამაში ცოტა თქვენც დაგვეხმარებით და გაგებით მოეკიდებით ჩვენს თხოვნებს…'' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები