ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის
ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვეზირიშვილების სასახლის ამჟამინდელი
მდგომარეობა მოსწავლეებს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ
ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ავტორიზაციის საბჭოს წევრებს
განუცხადეს, რომლებიც სკოლის ინფრასტრუქტურას უსაფრთხოების კუთხით
ამოწმებდნენ.
როგორც ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაშია აღნიშნული, სკოლა
წლებია ითხოვს, გადაწყდეს ვეზირიშვილების სასახლის ბედი — ჩაუტარდეს
რეაბილიტაცია ან მოხდეს მისი დემონტაჟი. საბჭოს შეფასებით, საკითხი
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან შენობა სკოლასთან და მოსწავლეთა
ყოველდღიური გადაადგილების სივრცესთან ძალიან ახლოს
მდებარეობს.
დასკვნის მიხედვით, ჯერ კიდევ 2017 წლიდან სკოლამ დაიწყო
მის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. „ვეზირიშვილების სასახლის“ დემონტაჟთან
დაკავშირებული პროცედურები. თუმცა, ვინაიდან სასახლე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, როგორც რეაბილიტაციის, ისე
დემონტაჟის მიმართულებით არსებული პროცედურები
გართულებულია.
სკოლამ შესაბამის უწყებებს მიმართვები 2023, 2024 და 2025
წლებშიც გაუგზავნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ამ პერიოდში შენობის
მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა — ჩაინგრა სახურავი, ჩამოიშალა წინა
ფასადი და დაზიანებები გაიზარდა.
ბოლო წერილით, 2025 წლის 28 მაისს (MES 0 25 0000588368),
სკოლამ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს
მიმართა „ვეზირიშვილების სასახლის“ სკოლის ეზოსგან იზოლირების
მოთხოვნით.
,,ქართლის ამბები" დაუკავშირდა სკოლის ადმინისტრაციას,
სადაც განაცხადეს, რომ ვითარება არ შეცვლილა. ხაშურის რესურსცენტრის
ოფიციალურ საკონტაქტო ნომერზე კი არ გვპასუხობენ.
სტატიის გამოყენების პირობები