ახალი ამბები
უფლისციხის განვითარების ფონდის პრეზენტაცია
,უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის განვითარებისა და რეაბილიტაციის ფონდის" პრეზენტაცია უფლისციხეში გაიმართა.

პრეზენტაციაზე, რომელიც ძველი ტრადიციული სტილით აშენებულ მარანში მოეწყო, ევროკავშირის ოფისის, ლატვის საელჩოს, კულტურის სფეროს ორგანიზაციებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფონდს მუზეუმის დამსახურებული და საქართველოში ცნობილი გიდი გიგუცა თათრიშვილი ჩაუდგა სათავეში.

პრეზენტაციაზე ფონდის მიზნები და ამოცანები სტუმრებს გიორგი თათრიშვილმა გააცნო.

თავდაპირველად მან ხაზი იმ გარემოებას გაუსვა, თუ რატომაც აღნიშნული პროფილით ფონდის დაარსება გახდა საჭირო

,,პირველ რიგში გამოიწვია იმან, რომ წლების განმავლობაში უფლისციხის მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. ეს ეხება, როგორც უშუალოდ ძეგლს, ასევე, ძეგლის მნახველთა მომსახურებას და დასაქმებულთა კვალიფიკაციას" - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გიორგი თათრიშვილმა.

ერთი შეხედვით, ფონდი საკუთარ საქმიანობაში იმ მიმართულებას აირჩევს, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს ან მის წარმომადგენლობას შეეძლო გაეკეთებინა.

,,ეს მიმართულება მათ რატომღაც არ აირჩიეს" - განმარტავს გიორგი თათრიშვილი. - ,,უფრო მეტიც, მუზეუმის ადმინისტრაციამ საკონფერენციო დარბაზი არ დაგვითმო, ხოლო ძეგლთა დაცვის სააგენტოდან ერთი წარმომადგენელიც კი არ მოვიდა" - ამბობს გიორგი თათრიშვილი.

უფლისციხეში არსებულ მდგომარეობაში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ორი წლის განმავლობაში რამდენიმე მასალა მოამზადა. განსაკუთრებით, საყურადღებოა ორი ვიდეო, რომელიც თითოეული თითო-თითო წლის შუალედში მომზადდა.

ვიდეოებში უფლისციხის მუზეუმის გიდი, გიგუცა თათრიშვილი (,,სტალბერის" - სახელით ცნობილი) მუზეუმის იმ მარშუტს გვიჩვენებს, რომელიც ტურისტებისთვის უცნობია, ხოლო მის აღსადგენად ძეგლთა დაცვის სააგენტო არ ზრუნავს.

,,ეს ვიდეოები მომზადაა ორ სხვადასხვა დროს. ერთი წინა წელს, მეორე - მომდევნო წელს. ამ ორ წელიწადში გამოჩნდა, რომ წინსვლა არ შეინიშნება" - აღნიშნავს გიგუცა თათრიშვილი. მისი შვილი, გიორგი თათრიშვილი იმედოვნებს, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო და მისი წარმომადგენლები დაინტერესდებიან იმ იდეებით, რომლის განხორციელებას ფონდის წარმომადგენლობა აპირებს.

რაც შეეხება ახლადდაფუძნებულ ფონდს და მის საქმიანობას, წარმომადგენლობა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ძეგლის რეაბილიტაციის, პოპულარიზაციის, ეთნოგრაფიული სახლების მოწყობსა თუ ტურისტების მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით იმუშავებს.

იხ. ამავე თემაზე:

ანონსი: უფლისციხეში მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების ფონდის პრეზენტაცია გაიმართება

მუზეუმის ადმინისტრაცია უფლისციხის განვითრების ფონდს დარბაზს არ უთმობს

გიგუცა თათრიშვილი - დაწუნებული ,,უფლისციხელი"


Print

სტატიის გამოყენების პირობები