ახალი ამბები
როგორ შენდებოდა გორში ჩოგბურთის კორტი არასტანდარტულად
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა. ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.

ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ კოტე თავზარაშვილის მერობის პერიოდში, როცა ახალბაღის ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის პროექტირება დაიგეგმა.

2021 წელს კონსტანტინე თავზარაშვილმა დაიქირავა საპროექტო ორგანიზაცია ,,ქართული ტექნიკური ჯგუფი''. პროექტი გამზადდა დაგვიანებით და 2022 წელს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩაიბარა.

ორი წლის შემდეგ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სწორედ ამ პროექტის საფუძველზე, 2024 წლის თებერვალში, გამოაცხადა ტენდერი ჩოგბურთის კორტების და კიდევ ორი მოედნის მშენებლობაზე. ტენდერში გამარჯვებული გახდა კომპანია „რედიქს გრუპი“, რომელთანაც 1.97 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა.

,,რედიქს გრუპმა' სამუშაოები დაასრულა დაგვიანებით და 2025 წლის 8 აგვისტოს, უკვე კონსტანტინე ბუზალაძემ ჩაიბარა.

აღმოჩნდა, რომ მოედნის არასწორი ორიენტაციის გამო კორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი სრულფასოვანი გამოყენება ვერ ხერხდება. მოთამაშეებს მოედანზე არ უშვებენ. ამავე დროს, მოქალაქეებმა შეამჩნიეს, რომ კორტზე განათების ბოძებია დამონტაჟებული, რაც ჩოგბურთელისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მთავარი კითხვა პასუხგაუცემელია: როგორ ვერავინ შენიშნა პროექტირების, მშენებლობისა და მიღება-ჩაბარების არც ერთ ეტაპზე, რომ კორტი საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) რეკომენდაციით, ღია კორტის გრძელი ღერძი ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული, რათა დილისა და საღამოს საათებში მზის სხივებმა მოთამაშეებს ხელი არ შეუშალოს.

„გორი ინნის“ მიმდებარედ აშენებული კორტი კი აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით არის განლაგებული, რის გამოც მზის სხივები პირდაპირ ხვდება მოთამაშეთა ხედვის არეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები