ახალი ამბები
რატომ გირაო ან პატიმრობა? - დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები
პროკურორები ბრალდებულების მიმართ, ყველა შემთხვევისას, კვლავ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვენ.

ამის შესახებ დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში სასამართლოს მონიტორინგის შედეგების გაცნობისას ისაუბრეს.

სისხლის სამართლის საქმეების ანალიტიკოსი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ გირაოსა და პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა.

,,პროკურატურას თითქმის ყველა შემთხვევაში არ მიჰქონდა ინფორმაცია სასამართლოში ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მაინც აყენებდა შუამდგომლობას გირაოს გამოყენების თაობაზე. მართალია, სასამართლო ხშირად ცდილობდა თავად დაედგინა ბრალდებულის ქონებრივი და ფინანსური შესაძლებლობლები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი გამორკვევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო" - აცხადებს გოგა ხატიაშვილი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის დანაშაულთან დაკავშირებულ ბრალდებულების მიმართ.

მაგალითად, საიას ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს შეუფარდა გირაო ისეთი ოდენობით, რომელიც ვერ იქნებოდა ბრალდებულის ქცევის შემაკავებელი საშუალება. ამით მოსამართლემ პოტენციური საფრთხე ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნა.

საია დადებითად მიიჩნევს, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მოსამართლის მიერ შეფარდებული პატიმრობის პერიოდულ გადასინჯვას ითვალისწინებს,, თუმცა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ყველა ასეთი გადასინჯვის შედეგად, მოსამართლემ პატიმრობა ძალაში დატოვა.

რაც შეეხება საპოცესო შეთანხმების სხდომებს, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პროკურატურამ რამდენიმე მცირე მნიშვნელობისა და ზიანის მქონე დანაშაულის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების თაობაზე შუამდგომლობა წარადგინა და მოსამართლემ დააკმაყოფილა.

,,გვქონდა მაგალითად შემთხვევა, როდესაც ზიანის ოდენობა 25 ლარით განისაზღვრა, მაგრამ საპროცესო შეთანხმება მაინც გაფორმდა. როგორც წესი მინინალური ოდენობა 2 ათასი ლარა. კანონმდებლობა კი, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო, ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს" - განმარტავს გოგა ხატიაშვილი.

საანგარიშო პერიოდში დასრულებული 53 საქმიდან 3 განაჩენი იყო გამამართლებული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები