ქარელის ცენტრალური ქუჩა ტაქსებს უკავიათ. როგორც
მოქალაქეები იტყობინებიან, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვინმემ მოასწრო
მანქანის დაყენება, უსიამოვნება შეხვდებათ.
ადგილობრივები საპარკინგე ადგილების მოწყობას და
სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ბოლო დროს მოქალაქეები
ჩივიან, რომ დაიწყო მასობრივი დაჯარიმებები.
მ.ჩ. - „ტაქსოპარკი მაინც სადგურის ტერიტორიაზე
გადაიტანონ. ტყუილად ხომ არ გააკეთეს? ქუჩაც განიტვირთება და
გამოძახებით მომუშავე ტაქსებიც იქიდანვე შეძლებენ მომსახურებას. დღეს
კი მთელი ქუჩა ტაქსებს აქვთ დაკავებული.“
ნ. გ. „საპარკინგე ადგილებზე ტაქსებს მონოპოლია აქვთ. აბა,
სცადეთ და მანქანა გააჩერეთ — შეიძლება ამის გამო უსიამოვნებაც
შეგხვდეთ.“
ბ. წ: „თავს ვიკავებდი ამ პოსტის დაწერისგან, მაგრამ უკვე
შეუძლებელია გაჩუმება. რა ხდება ქარელში? ორი წუთით გავაჩერე მანქანა
და მაშინვე 50-ლარიანი ჯარიმა მივიღე. ეს უკვე მესამედ ხდება. ამდენი
ჯარიმის გამოწერის ნაცვლად ჯერ საპარკინგე ადგილები მოაწესრიგეთ და
შემდეგ დააჯარიმეთ ხალხი.“
გ.თ: „პრობლემა, პირველ რიგში, ტაქსების გაჩერებებს
უკავშირდება. მათთვის სპეციალური ადგილი უნდა გამოიყოს, რადგან
ძირითადად გამოძახებით მუშაობენ. ეს გარკვეულწილად განტვირთავს
მოძრაობას. პრობლემის მოგვარებას ხელს ასევე შეუწყობს ქალაქში
საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა, რადგან მოსახლეობა უფრო მეტად
ისარგებლებს ტრანსპორტით, შემცირდება საცობები და პარკირებაც მეტად
მოწესრიგდება. ამას კი ნება და მონდომება სჭირდება, რომლის თავიც
დღეს, სამწუხაროდ, არავის აქვს.“
ქარელში ,,ტაქსი" სამგზავრო ტრანსპორტის ერთ-ერთი
სახეობაა, რადგან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს.
ამასთანავე, თამარ მეფის ქუჩაზე ბაზარია, რის გამოც მანქანის
გასაჩერებელი ადგილები მხოლოდ ტაქსებმა დაიკავეს.
სტატიის გამოყენების პირობები