ახალი ამბები
შიდა გზა, სასმელი წყალი და ტრაქტორები დვანში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების დროს, ერთადერთი ტრაქტორი დაუზიანდათ.

ამის გამო, რამდენიმე ადგილობრივი მოსახლე ტრაქტორისტს ტრანსპორტის შეკეთებაში მთელი დღე ეხმარება.

მართალია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხვნის უფასო პროგრამა უკვე დაიწყო, თუმცა დვანელებს საკუთარი კერძო ტრაქტორის გაკეთების იმედსაც არ კარგავენ.

„აფსუს სააკაშვილო!! კაცი არ ჯობდა იმას“ - ასე დაიწყეს საუბარი იმ მოხუცებმა, რომლებიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების გამოჩენას კმაყოფილები შეხვდნენ.

„წყლები არ გვაქვს, ახალგაზრდობას აღარაფერი უნდა. ლოთობას მისდევენ“ - აცხადებს 70 წელს გადაცილებული თემურ ბალიაშვილი.

მოხუცების გარდა ჟურნალისტებთან სასაუბროთ ოჯახის დიასახლისებიც გამოვიდნენ. მათი საზრუნავი სასმელი წყალია. შორენა მამაგულაშვილის თქმით, სასმელი წყლის სათავე გასაწმენდია.

შორენა მამაგულაშვილი: „სასმელი წყლის პრობლემა იმიტომ არის, რომ სათავენ ნაგებობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. რამდენიმე ათეული წელია არ გაწმენდილა. შეიძლება ხუთ წელიწადში ერთხელ დაქლორონ, მაგრამ ის დაქლორვა არ არის საკმარისი. ის არხი უნდა გაიწმინდოს, სადაც სათავეა.“

დვანის მკვიდრი ლენა კოპაძე ამბობს, რომ სოფლის შიდა გზებიც მოსაწესრიგებელია, რადგან ნალექის დროს გადაადგილება ჭირს:

„გზა არ გვაქვს, თორემ სასმელი და სარწყავი წყლები კარგად არის ყველგან. " - აცხადებს ლენა კოპაძე.

„სარწყავი წყლები არის, მაგრამ ყველგან არ არის. მე, მაგალითად, ერთ ბაღს ვერ ვრწყავ იმის გამო, რომ სოფელში გასარწყავიანება არ არის ყველგან.“- გვეუბნება შორენა მამაგულაშვილი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები