ახალი ამბები
დიდ გარეჯვარში ველოსიპედით დაშავებულ ბავშვს ამპუტაცია ჩაუტარდა
ველოსიპედით დაშავებულ 10 წლის ბავშვს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა — ოჯახი კლინიკის ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გარეჯვარში 10 წლის ბავშვი 3 ივლისს ველოსიპედით თამაშის დროს დაშავდა. მოგვიანებით მას ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.

ოჯახის ინფორმაციით, თავდაპირველად ის გორის „გორმედის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ექიმებმა ბავშვის მდგომარეობა სათანადოდ ვერ შეაფასეს და დროულად ვერ დაადგინეს, რომ მას ფეხში თრომბი განუვითარდა.

მათი თქმით, დაგვიანებულმა დიაგნოზმა მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია, რის გამოც საბოლოოდ ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.

როგორც ბავშვის დედამ, მანანა თენაძემ, „ქართლის ამბებს“ განუცხადა, ოჯახი დღეს გორის პოლიციაში საჩივრის შეტანას გეგმავს და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ამ დროისთვის „გორმედის“ პოზიცია ცნობილი არ არის. საქმეზე ოფიციალური გამოძიების დაწყებისა და გარემოებების დადგენის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ბავშვი ამჟამად თბილისში, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მკურნალობს.„ქართლის ამბები“ თემაზე ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები