მცირე დოზებით გორში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე
დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა.
მთავარი ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი და 11 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი ქმედება ჯგუფურად გასაღებიდან
ჩვეულებრივ გასაღებაზე გადაკვალიფიცირდა
სასამართლოს განაჩენის მიხედვით:
-
მე-2 ბრალდებული
ნარკოტიკის ჯგუფურად შეძენა-გასაღების ბრალდებაში სრულად
გამართლდა.
-
მე-3 ბრალდებული
ნარკოტიკის ეპიზოდებში გამართლდა.
-
მე-4 ბრალდებული
ნარკოტიკის ეპიზოდებში გამართლდა, თუმცა საბრძოლო მასალის უკანონო
შენახვისთვის 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა
მიესაჯა.
-
მე-5 პირის მიმართ
გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად დარჩა.
გამოძიების ვერსიით, მთავარი ბრალდებული 2022 წლის ივლისიდან
აგვისტომდე უკანონოდ იძენდა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას
„ბუპრენორფინს“, რომელსაც შემდეგ 0.0014-დან 0.004 გრამამდე
ოდენობებით ყიდდა.
ბრალდების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალება იყიდებოდა
გორში სხვადასხვა ლოკაციაზე – გ.... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე,
მომსახურების სააგენტოსთან, ს–ს გამზირზე, ავტოსამრეცხაოებთან, ასევე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-სა და სოფელ ბ-ში.
მთავარი მოწმე იყო პირი, რომელიც გამოძიებასთან
თანამშრომლობდა და, მისი ჩვენებით, სამართალდამცავების კონტროლის ქვეშ
მთავარი ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალება არაერთხელ
შეიძინა.
დაცვის მხარე სწორედ ამ პირს აგენტ-პროვოკატორად
მიიჩნევდა. ადვოკატის მტკიცებით, მას მთავარ ბრალდებულთან პირადი
კონფლიქტი ჰქონდა, შურისძიების მოტივით მოქმედებდა.
სასამართლოებმა ადვოკატის არგუმენტები არ გაიზიარეს და
მიიჩნიეს, რომ მოწმის ჩვენებას ადასტურებდა ფარული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, ამოღების ოქმები,
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.
სხდომაზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან საპროცესო
მოქმედების დარღვევის ფაქტიც გამოვლინდა, მაგალითად პოლიციის
შენობაში, გამომძიებელმა, იმ პირს, რომელიც გამოძიებასთან
თანამშრომლობდა, ამოუღო ორი აბი, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება
„სუბოქსინი“, რომელიც, ბრალდების ვერსიით, მან ცოტა ხნით ადრე მთავარი
ბრალდებულისგან შეიძინა. თუმცა, როდესაც სასამართლოში ნივთმტკიცება
გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ დალუქულ პაკეტზე არ იყო ხელმოწერა. ეს
ეპიზოდი მთავარი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყდა.
სტატიის გამოყენების პირობები