ახალი ამბები
შიდა ქართლში ხეხილის ბაღების გაშენების პროცესი მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ოქრომელიძემ  სოფელ ზერტში ლეილა ტიელიძის ბაღის გაშენების პროცესი დაათვალიერეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. 

ლეილა ტიელიძე პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო მან 7 ჰექტარზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 70,000.00 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

მიღებული დაფინანსებიდან 65,115.00 ლარი ნერგებზე ხოლო 4,885.00 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვისაა განკუთვნილი.

სულ შიდა ქართლის რეგიონში 430 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 84 ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო, ჯამურად 2,881,000.00 ლარი.

სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გორის, ქარელის, კასპის და ხაშურის რაიონებში 430 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ატამი, ბალი და ნუში გაშენდება.

აქედან, უშუალოდ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 16-მა ბენეფიციარმა უკვე 74 ჰა. ფართობის ხეხილის ბაღები გააშენა.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1292 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 6,4 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის,ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები