კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთის ტერიტორიაზე ქარის
ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. პროექტი კომპანია ,,აპოთეკომ''
გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის აპრილში
წარადგინა.
15 ტურბინის დადგმა დაგეგმილია კასპის მუნიციპალიტეტის
სოფლების - იგოეთის, ლამისყანის, ხვითის, სამთავისის, თეზის, ოკამის
და ბოჟამის მიმდებარედ. დაგეგმილია როგორც ტურბინების, ასევე
მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროსადენების მონტაჟი, რომლითაც დენს
ქსნის ელექტროსადგურს მიჰყიდიან.
პროექტში აღნიშნულია, რომ საპროექტო ტერიტორიას კვეთს
მტაცებელ ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტები. აღწერილი 139 სახეობის
ფრინველიდან, 12 წარმოადგენს საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ
სახეობას (მათ შორის, ფასკუნჯი (Neophron percnopterus), ბექობის
არწივი (Aquila heliaca), დიდი მყივანი არწივი (Aquila clanga) და
სხვ.).
რამდენად საფრთხე ექმნება ამ სახეობებს, კომპანია წერს,
რომ ვერ მოხერხდა მათი ზუსტი აღწერა, რადგან ფრინველები მალე
ფრინდებოდნენ და ფოტოების გადაღება ვერ მოასწრეს.
,,კვლევის დროს დაფიქსირდა ფრინველთა რაოდენობრივი სიმწირე
და ძირითადად ისეთი სახეობები, რომლებიც უეცრად ფრინდებოდნენ და
შესაბამისად ვერ მოხერხდა სათანადო ფოტომასალის შეგროვება'' -
აღნიშნულია პროექტში.
,,გადამფრენი ფრინველების რაოდენობა წლიდან-წლამდე
მნიშვნელოვნად იცვლება. სამწუხაროდ, არსებული მონაცემები არ იძლევა
პროექტის ტერიტორიაზე სეზონურად გადამფრენი ფრინველების ზუსტი
რაოდენობის განსაზღვრის საშუალებას.'' - ვკითხულობთ ასევე
პროექტში.
დოკუმენტებით ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არის
ტყის მასივი, მოწყობილი ელექტროსადენები, რომელიც ეკუთვნის როგორც
ენერო პრო ჯორჯიას, ასევე ,,საქრუსენერგოს''. მოიცავს ასევე საძოვრებს
და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს.
პროექტი 2024 წელს მოწონებულია საქართველოს მთავრობის
მიერ.
სტატიის გამოყენების პირობები