გორში ოფელია მაკრახიძის ახალი საცხოვრებელი კომპლექსის
პროექტის განხილვა დაიწყო.
საუბარია სასტუმრო „ვიქტორიას“ ტერიტორიასა და მის უკან
მდებარე მიწის ნაკვეთებზე, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი
კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტი ჭალის უბნის საკმაოდ დიდ
ტერიტორიას მოიცავს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო თანახმაა, რომ მერიამ შპს
„ემ ეს ჯი გორის“ ინიციატივით, თამარ მეფის ქუჩა №76-ის ტერიტორიაზე
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების პროცედურები
დაიწყოს.
ოფელია მაკრახიძის კომპანიამ უნდა ჩაატაროს ტერიტორიის
სრულყოფილი კვლევა, პროექტში გაითვალისწინოს ავტოსადგომების მოწყობა
თავად კომპლექსის ტერიტორიაზე, რათა მეტი სივრცე დარჩეს ეზოსთვის,
ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და სხვა საერთო ინფრასტრუქტურისთვის.
ასევე, პროექტირებისას უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდებარე უბნის
ურბანული სტრუქტურა და განაშენიანების ხასიათი, რათა ახალი კომპლექსი
გარემოსთან ჰარმონიულად იყოს შერწყმული.
ოფელია მაკრახიძე [ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ
მაკრახიძის შვილი] გორში ერთ-ერთი პირველი დეველოპერია. სწორედ მისმა
კომპანიამ 2015 წელს ქალაქში მრავალსართულიანი საცხოვრებელი
კორპუსების მშენებლობა დაიწყო. თავად ამბობს, რომ ამან სხვა
ინვესტორებსაც მისცა სტიმული და ამის შემდეგ გორში მშენებლობა
დაახლოებით 10-მდე დეველოპერულმა კომპანიამ დაიწყო.
მხოლოდ 2021–2023 წლებში გორის მერიამ 13 მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.
ამ ფონზე ქალაქს დღემდე არ აქვს გენერალური განაშენიანების
გეგმა. 2024 წელს გორის მერი კონსტანტინე ბუზალაძე აცხადებდა, რომ
დოკუმენტი მალე მომზადდებოდა და სწორედ ის განსაზღვრავდა, სად, რა
ფორმით და რა პარამეტრებით იქნებოდა შესაძლებელი მრავალსართულიანი
განაშენიანება. თუმცა ამ დაპირებიდან უკვე ორი წელი გავიდა და
გენერალური გეგმა ჯერაც არ არის წარმოდგენილი. მანამდე მსგავსი
დაპირებები გორელებს ყოფილი მერებიც – კონსტანტინე თავზარაშვილი და
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – აძლევდნენ.
ოფელია მაკრახიძის ახალი პროექტის საკითხი პირველად 2025
წელს უნდა განეხილა საკრებულოს, თუმცა მას შემდეგ, რაც „ქართლის
ამბებმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მერიის დოკუმენტაციას მიწის ყველა
მესაკუთრის თანხმობა არ ერთვოდა, მერიამ საკითხი სხდომიდან
გაიწვია.
ახლა საკითხი ხელახლა დაბრუნდა საკრებულოში. დეპუტატები
თანახმა არიან, რომ მერიამ და კომპანიამ განაშენიანების დეტალური
გეგმისა და შემდგომი ნებართვების მისაღებად კანონით გათვალისწინებული
პროცედურები დაიწყონ.
სტატიის გამოყენების პირობები